11, თებერვალი 2020 18:35:00
„გაბედე ამხილე ფეოდალი“ - ამ ლოზუნგით გაერთიანებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივისა“ და მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მუნიციპალიტეტის მერს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ.
„გაბედე ამხილე ფეოდალი“ - საყვირებითა და პლაკატებით ხელვაჩაურის მერიასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივისა“ და მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი მუნიციპალიტეტის პირველ პირთან შეხვედრას ითხოვდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.
ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით აქციის ხუთი მონაწილე ჯუმბერ ვარდმანიძეს შეხვდა, სადაც მერს შეკითხვები მდინარე აჭარისწყალზე ინერტული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით დაუსვეს.
ხათუნა ბერიძემ ჯუმბერ ვარდმანიძეს კორუმპირებული უწოდა. ეს კი იმით ახსნა, რომ მერიის ხელშეწყობით მდინარიდან ინერტულ მასალას უკანონოდ იღებენ.
მუნიციპალიტეტის მერი მომხდარში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათ მხოლოდ ხმაური სურთ. ჯუმბერ ვარდმანიძეს მიაჩნია, რომ აჭარის წყალზე მიმდინარე სამუშაოები კანონიერია.
ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრიდან ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იღებს ინერტულ მასალას მდინარის კალაპოტიდან. აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ნებართვა 2 კომპანიაზეა გაცემული.