11, თებერვალი 2020 21:22:00
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 2018 წლის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების კანონმდებლობასთან შესაბამისობის კვლევა ჩაატარა. ანგარიშში სხვადასხვა ხასიათის დარღვევა-ნაკლოვანებები გამოვლინდა. რა სახის სისუსტეები გამოიკვეთა ქობულეთის მერიის მართვის სისტემაში, რა არგუმენტები აქვთ უწყებაში და რას ფიქრობენ ოპოზიციაში. 48 გვერდიან დოკუმენტს ხატია გოგრაჭაძე გაეცნო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახულ სხვადასხვა სახის დარღვევებს მართვის სისუსტეებს უკავშირებს. ანგარიშში ტექნიკური ზედამხედველის მომსახურებისთვის გაწეული თანხა არარაციონალურ ხარჯადაა შეფასებული და ნათქვამია, რომ იგივე სამუშაოს გაწევა მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს და ინსპექტირების ჯგუფსაც შეეძლო. 48 გვერდიან დოკუმენტში, აიპებში არასაჭირო შტატების ზრდაზეცაა საუბარი.
აუდიტის ანგარიშში საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებულ სისუსტეებზეც. ნახსენებია, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილის დაზიანებებიც. ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტს მიმწოდებლებისათვის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით, არ მიუმართავს.
ქობულეთის მერიას ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით რაციონალური მიდგომა არ გააჩნია. ამასთან, სახელმწიფო აუდიტი, ქონების განკარგვის პროცესში არსებული სისუსტეებს უკავშირებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული მიწების, იჯარის სახით, დაბალ ფასად გაცემას. ტურისტული ქალაქის ქონების არაპროდუქტიულ განკარგვასთან დაკავშირებით, მერის თქმით, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე მუშაობა დაიწყო. თუმცა, მირიან ქათამაძის თქმით, არის საკითხები, რაშიც აუდიტის სამსახურს არ ეთანხმება.
დასკვნაში 12 რეკომენდაციაა წარმოდგენილი. აუდიტის სამსახურს ქობულეთის მერიამ, მათ შესასრულებლად დაგეგმილი აქტივობები და მისაღწევი შედეგები წერილობითი სახით უკვე გაუგზავნა. ხსენებული ანგარიში კი, პროკურატურას შემდგომი მოკვლევის მიზნით უკვე გადაეცა. დასრულდება თუ არა პროცესი საჯარო მოხელეების დაკავებით ამ ეტაპზე რთული სათქმელია.