17, თებერვალი 2020 22:03:00
უკონტროლო მშენებლობები ბათუმში და დარღვეული საზოგადოებრივი სივრცე. ქუჩა ტროტუარის და პარკინგის გარეშე. ვსაუბრობთ ბათუმში, ანგისის ქუჩაზე არსებულ სიტუაციას, სადაც ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობს. იმის გამო რომ მერიამ ფეხით მოსიარულეებზე არ იფიქრა და წინ კერძო ბიზნესის ინტერესი დააყენა, დღეს ქვეითები პრობლემების და საფრთხის წინაშე არიან.
ეს ანგისის ჩიხია. ერთ-ერთი ქუჩა, ბათუმის იმ ქუჩებთაგან, სადაც ქაოტური მშენებლობების გამო, ქვეითებს გადაადგილება უჭირთ. მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარები არაა მოწყობილი, ამასთან საპარკინგე ადგილების გაუთვალისწინებლობების გამო, ავტომობილების გაჩერება მძღოოლებს, სავალ ნაწილზე უხდებათ.
ამგვარ დარღვევებში, ოპოზიცია, კერძო ინტერესებსა და კორუფციულ გარიგებებს ხედავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის მიუხედავდ, მერიასა და კომპანიებს შორის არსებული გარიგებების გამო, კონტროლის მექანიზმი სუსტია.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ახალი სამშენებლო რეგულაციების მიხედვით, ნებართვის გაცემისას, გადაადგილების თავისუფლად უზრუნველყოფის საშუალება გათვალისწინებულია. ქალაქ-გეგმარებისა და ურბანული პილიტიკის სამსახურის იურისტის თქმით, მოთხოვნა, რომ საზოგადოებრივი სივრცე არ უნდა შეიზღუდოს მოძრაობის ან გამოყნების კუთხით, ყველა კომპანიისთვის სავალდებულოა.
საკანონმდებლო რეგულაციების მიუხედავად, ანგისის ჩიხსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითებისა და ავტომობილებისთვის გადაადგილება შეფერხებულია. რა დარღვევასთან გვაქვს საქმე და დაინტერესდება თუ არა თვითმართველობის შესაბამისი სამსახურები ამ ქუჩის პრობლემით, ჯერჯერობით უცნობია.