25, თებერვალი 2020 00:17:00
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება, მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს. თავმჯდომარის, მალხაზ რეხვიაშვილი განცხადებით, გადაწყვეტილება მსჯელობის შედეგად მიიღეს და დოკუმენტაციის მომზადება დაიწყება.
"სხდომაზე ვიმსჯელეთ მაუწყებელში შექმნილ ვითარებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ საგაფიცვო პროცედურები. მოვამზადოთ შესაბამისი დოკუმენტი, თანამშრომელთა შრომითი უფლებებისა და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დაცვის საფუძველზე" - ამბობს მალხაზ რეხვიაშილი.
მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ის ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს სამართლიანობის აღსადგენად. მაია მერკვილაძის საშტატო ერთეული, აჭარის მაუწყებლის დირექტორის მიმართვისა საფუძველზე, მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის გადაწყვეტილებით, 19 თებერვალს გაუქმდა. სანაცვლოდ მაია მერკვილაძეს დირექციამ საინფორმაციო სამსახურის დატოვება და პოლიტკური ტოქ-შოუს გაკეთება შესთავაზა, რომელიც წინასაარჩევნო დებატებს გულისხმობს.
მაია მერკვილაძე ამბობს, რომ მას ტოლფასი პოზიცია არ შესთავაზეს, თუმცა რაც მთავარი იყო, ის ჩამოაშორეს საინფორმაციო პოლიტიკას. "პირველ რიგში ჩემი უფლებებისთვის ვიბრძოლებ, როგორ ვხედავ მე თავს მაუწყებელში, მე თავს ახალ ამბებში ვხედავ. შემომთავაზეს მე ისეთ თანამდებობა, რომელიც არ არის ტოლფასი იმ პოსტისა, რომელიც მეკავა მაუწყებელში. ალტერნატიული პროფკავშირები ვფიქრობთ, რომ საჭიროა დაიწყოს მკვეთრი საპროტესტო ფორმები.
საინფორმაციო ხვალ ჩვეულებრივ რეჟიმში გავა ეთერში, რადგან გაფიცვას აქვს მისი პროცედურები და ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ არ დავაყენოთ ადამიანები და მაუწყებელი რისკების ქვეშ" - განაცხადა მაია მერკვილაძემ.
რეგიონულ მაუწყებელში ერთი თვის წინ შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირები 80-მდე ჟურნალისტს აერთიანებს. მათი პროტესტი გამოიწვია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისთვის, მაია მერკვილაძისთვის შრომითი ხელშეკრულების გაუქმებამ. ამ ფაქტს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.