25, თებერვალი 2020 10:39:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. ამის შესახებ მოსამართლემ 21 თებერვალს გამართულ პროცესზე განაცხადა.
ადვოკატს ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მიმართ გამამართლებელ განაჩენის მოლოდინი აქვს. როგორც ზურაბ თოდუა აცხადებს, ბრალდების მხარეს 150 მოწმიდან კალანდიას წინააღმდეგ მხოლოდ სამი მოწმე ჰყავს, რომელთაც ჩვენებები საკუთარი თავის გადასარჩენად აქვთ მიცემული. ადვოკატის თქმით, ამ ვითარებაში სამართლიანი სასამართლოს პირობებში გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.
მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.