19, მაისი 2017 20:12:00
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 12 მარტის აქციაზე დაკავებული კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დავა არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. სასამართლომ დღეს დაკავებულებს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებები ინდივიდუალურად გააცნო. მოსამართლემ მოისმინა მხარეების შესავალი სიტყვებიც. როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ბრალეულობის თუ უდანაშაულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები აქვთ, რასაც სასამართლო მომდევნო სხდომებზე გამოიკვლევს.საქმეზე სულ 301 პირის დაკითხვაა დაგეგმილი. დღევანდელი სასამართლო პროცესის მსვლელობისას ერთ-ერთი დაკავებული შეუძლოდ გახდა, რომლის დარბაზიდან გაყვანის დროსაც კიდევ ერთი ბრალდებულის მეუღლე გახდა შეუძლოდ. მოსამართლემ პროცესი რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ გააგრძელა. დარბაზში ორივე მათგანი დაბრუნდა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის ორი მუხლით აქვთ წაყენებული -ჯგუფური ძალადობა და სამართალდამცველებისადმი წინააღმდეგობის გაწევა და სახელმწიფო ქონების დაზიანება. მომდევნო პროცესი 2 ივნისს, 14 საათისთვის ჩაინიშნა.