26, თებერვალი 2020 21:32:00
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი 30 წლის ქალი დახმარებას ითხოვს. მარტოხელა დედა 2 შვილთან ერთად ცხოვრობს. ცხოვრობს, თუმცა გაუსაძლის პირობებში , ფინანსური პრობლემებით და კონფლიქტების ფონზე ოჯახის წევრთან. როგორ იცავს სახელმწიფო დაზარალებულის უფლებებს ანუ რას სთავაზობს მარიამს სოპციალური მომსახურების სააგენტო?
ეს მარიამია. 30 წლის ქალი, წლებია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. მარტოხელა დედა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბათუმში, ერთ პატარა ოთახში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. გათბობა არ აქვს, ამიტომ ოთახში ისევე ცივა როგორც გარეთ. შვილებს სამზარეულო გაზქურის ალით ათბობს. ერთადერთ ოტახში ნესტისგან კედლები მუდმივად სველია. ერთი პატარა დივანი რომელიც ოთახში აქვს, მისთვის და მცირეწლოვანი შვილებისთვის საწოლის ფუნქციასაც ითავსებს. ვერ მუშაობს. შვილებს ვერავის უტოვებს.
მანამდე ცხოვრება თავშესფარში სცადა. არ გამოუვიდა. ბენეფიციარებისგან ბულინგის მსხვერპლი გახდა. სოციალური დახმარება არ აქვს. გვიყვება, რომ დახმარების თხოვნით ხელისუფლებას ბევრჯერ მიმართა, პასუხად კი აგრესიის გარდა არაფერი მიუღია.
ოთახი, რომელშიც ცხოვრობს, დედას ეკუთვნის. აქ მეუღლესთან გაშორების შემდეგ გადავიდა, თუმცა საკუთარ დედასთან მუდმივად კონფლიქტი აქვს. მარიამს დედას უჯავრდება იმის გამოც, თუ კი შვილიშვილები მის გაკეტებულ საკვებს მიირთმევენ. ამგვარი ფაქტების გამო, საჩივრით პოლიციისთვისაც არაერთხელ მიუმართავს. დედა მარიამზე ხშირად ფიზიკურადაც ძალადობს, მიზეზებს კი მარიამი ვერ ხსნის.
არასამთავრობო ორგანიზია „იალქანში“ ამბობენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნათლად ჩანს თუ როგორ სუსტდება თავშესაფრიდან გამოსული მსხვერპლი, მაშინ როცა სახელმწიფო სერვისებით არ აძლიერებს.
ის რასაც სოციალური დახმარების სააგენტო მარიამს სთავაზობს, ისევ თავშესაფარში დაბრუნებაა, თუმცა გარანტია, რომ შვილებთან ერთად დაცული იქნება ბულინგისგან, არ არსებობს.