03, მარტი 2020 21:30:00
ახალი ბორდის დაკომპლექტება, ნათია ზოიძის დირექტორის მოადგილის პოსტიდან წასვლა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის გაშვება, მაია მერკვილაძის სარედაქციო პოლიტიკაზე ჩამოშორება, - ეს მოკლედ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებია. ბოლო ამბავი კი ის არის, რომ ნიუსრუმში კვლავ განხეთქილებაა და ვერ თანხმდებიან ახალი რედაქტორი და რეპორტიორები
უკვე მეორე დღეა, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ჟურნალისტები საინფორმაციო გამოშვებას დამოუკიდებლად გეგმავენ. მიზეზიკი ის არის, რომ ახალ რედაქტორს, ფირუზ ბოლქვაძეს ფუნქცია მოვალეობები ჯერ არ განუსაზღვრეს.
საპირისპიროს ამტკიცებს ფირუზ ბოლქვაძე, რომელიც ნიუსრუმში რედაქტორის თანამდებობაზე ნინო ხაჟომიას წასვლის შემდეგ დაინიშნა. აცხადებს, რომ საინფორმაციო გამოშვების დაგეგმვის პროცესში მცირედით ჩართულია. ბოლქვაძე იმასაც განმარტავს, რომ გუნდთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვს.
იგივეს ამბობს მაუწყებლის დირექტორი. გიორგი კოხრეიძის თქმით, ფირუზ ბოლქვაძისგან მიღებული ინფორმაციით, ახალ რედაქტორს ჟურნალისტებთან კომუნიციის პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება ფუნქციების განსაზღვრას, მედიასაშუალების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლქვაძემ საკუთარი მოვალეობა უკვე იცის.
კიდევ ერთი პოზიცია, რომელიც ამ დროისთვის მაუწყებელში ვაკანტურია, საინფორმაციო სამსახურის უფროსია. შეთავაზებაზე უარი განაცხადა ლალი ბერძენიშვილმა. იგი ამას კოლეგების დამოკიდებულებებით ხსნის.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წევრები უფლებამოსილების განხორციელებას 23 მარტიდან შეწყვეტენ, იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი ორგანიზაციის დირექტორთან და ბორდის წევრებთან მოლაპარაკებას ამ ვადაში ვერ შეძლებენ. დოკუმენტი, რომელიც ალტერნატიულმა პროფკავშირმა მაუწყებლის ადმინისტრაციას ჩააბარა, რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეა საუბარი. მათგან მთავარი, სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტიას შეეხება.