05, მარტი 2020 21:59:00
3 წევრიანი ოჯახი ხელვაჩაურიდან, რომელიც ღია ცის დარჩა. გუშინ, სოფელ აგარაში გაჩენილი ხანძრის შედეგად , ასამბაძეების ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ობოლი და-ძმა და პენსიონერი ბებია, რომლებსაც თავი 220 ლარით გაჰქონდათ, ახლა საცხოვრებლის გარეშე, ნათესავების იმედად არიან. სახლი მთლიანად დაიწვა. ვიდრე ხელვაჩაურის მერია მათ გასაჭირს სამთავრობო კომისიის სხდომაზე წარადგენს, მძიმე სოციალურ პირობებში აღმოჩინილებს, 300 ლარიანი ქირის ძებნა მოუწევთ.
ის, რასაც ოჯახი 20 წლის განმავლობაში აგროვებდა, ზუსტად 20 წუთში განადგურდა. ოჯახის წევრებს ცეცხლის გამომწვევ მიზეზებზე დადასტურებით საუბარი უჭირთ, თუმცა ხანძრის გაჩენას ელექტროენერგიის სადენებს უკავშირებენ. 19 წლის მარიამი ყვება, რომ სახლში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გარეთ შემთხვევით გასულმა დაინახა, რომ ბოსელი იწვოდა. ერთადერთი რისი გადარჩენაც შეძლეს, გარდაცვლილი მამის ფოტოებია.
ცეცხლის გაჩენიდან რამდენიმე წუთში 112-ში დარეკეს, თუმცა იმის გამო, რომ სახლი ხის იყო, ხანძარი მალე გავრცელდა და საცხოვრებელი მეხანძრე მაშველების მისვლამდე დაიწვა. განადგურდა ტექნიკა. ოჯახის წევრებმა ვერც ძვირფასეულობის გატანა მოახერხეს. ნათესავები ამბობენ, რომ და-ძმა და ბებია მძიმე სოციალურ პირობებში დარჩნენ.
ხანძრის შედეგად გამოწვეულ ზარალზე საუბარი უჭირთ, თუმცა ოჯახის წევრები და ნათესავები ვარაუდობენ, რომ 70 ათას ლარზე მეტია. ადგილზე გუშინვე იმყოფებოდნენ ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენელები, რომლებსაც ღია ცის ქვეშ დარჩენილების დახმარებისკენ მოუწოდებენ მეზობლები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ ოჯახს ქირით გაიყვანენ. ამისთვის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 300 ლარი გამოიყოფა.
გარდა 15 ათასი ლარისა, მუნიციპალიტეტის მერი ამტკიცებს, რომ ოჯახს სხვა საშუალებებითაც დაეხმარებიან. მათ შორის, თუნუქის სახურავითა და მინიმალურ ფასად გადაცემული ხე-ტყის მასალით.