05, მარტი 2020 21:10:00
80-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშე და უფუნქციოდ დარჩენილი წყალსაცავი. სოფელ განახლებაში გასულ წელს დასრულებული ექსპლუატაციაში კვლავ არ შესულა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელვაჩაურის მერს კორუფციაში სდებენ ბრალს. როგორ პასუხობს ჯუმბერ ვარდმანიძე ამ ბრალდებას? თეო ფუტკარაძის სიუჟეტიდან გაიგებთ.
ეს უფუნქციოდ დარჩენილი წყალსაცავი ახალშენში, სოფელ განახლებაშია. პროექტი 2019 წელს დასრულდა, თუმცა ექსპლუატაციაში დღემდე ვერ შევიდა. ჭაბურღილის მოწყობის შედეგად, მოსახლეობამ წყალი ვერ მიიღო, თუმცა როგორც თავად აცხადებენ, ახალი პრობლემა მალევე დაემატათ. ამბობენ, რომ სოფელში არსებული წყაროების უმეტესობა დაშრა და 80 ამდე ოჯახი სრულიად უწყლოდ დარჩა.
შედეგების გათვალისწინებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელვაჩაურის მერს კორუფციაში სდებენ ბრალს. მიშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ, როცა პროექტზე, რომელზეც 135 ათასი ლარი დახარჯულია და თან მერიას მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული აქვს, წყალსაცავი კი უფუნქციოა, სხვა შეფასება ვერ იარსებებს.
საპირისპიროს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, თანხები არამიზნობრივად არ დახარჯულა. ამბობს, რომ ჭაბურღილი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა, გეოლოგიური პროცესების გამო ნიადაგში წყალი დაშრა.
ხელვაჩაურის მერი ასევე ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტში მოწყობილი ჭაბურღილებიდან წყლით მხოლოდ ეს ერთი, სოფელ განახლების სისტემა ვერ ამარაგებს მოსახლეობას.