პროფესიონალი კადრების დევნა თუ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა მიმართულებებით გაძლიერება
სამართალი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ისევ, ყურადღების ცენტრშია. საინფორმაციო სამსახურის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, თეონა ხარაბაძემ, გუშინ მიიღო, მაუწყებლის დირექტორის ბრძანება, ქუთაისის არარსებულ ბიუროში, საქმიანობის გაგრძელების შესახებ.
ჟურნალისტისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა და აღნიშნულს მის მიერ, ხელმძღვანელობის მისამართით, ბოლო დროს, გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს.
მენეჯნმენტი, ერთ-ერთ, წამყვან ჟურნალისტს, ქუთაისში სამუშაოდ ოპერატორის გარეშე უშვებს. 23 მარტის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ რეპორტიორმა პროფესიული საქმიანობა, რადიოსა და ვებ მაუწყებლობისთვის შეასრულოს. თავად, ხარაბაძე, ამ ფაქტს, სამსახურიდან გაშვების წინაპირობად აფასებს.
თეონა ხარაბაძემ, გიორგი კოხრეიძეს, თავისი პოზიცია წერილობით უკვე აცნობა. ჟურნალისტი დირექტორისგან დასაბუთებულ განმარტებას მოითხოვს, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მაშინ როცა, ყველა დაწესებულება დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადადის, რატომ გახდა, ამ ეტაპზე, ქუთაისის ბიუროს განახლება საჭირო?
საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ თეონა ხარაბაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ, მას შემდეგ გაიგო, რაც ბრძანება ადრესატს ჩაბარდა. გიორგი აბეზაძე აბობს, რომ ამის შემდეგ, დირექტორთან კომუნიკაცია ჰქონდა, რა დროსაც კოხრეიძემ გადაწყვეტილება ვებისა და რადიოს გაძლიერების სურვილით ახსნა და „კორონავირუსის“ პანდემიის ფონზე მაუწყებლისთვის ამბები, იმერეთიდანაც საინტერესოა.
საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ქვეყანაში შექმნილი მდომარეობის ფონზე, თეონა ხარაბაძის ქუთაისში გადაყვანას საჭიროდ არ მიიჩნევს:
„ამ ეტაპზე არ არის აუცილებლობა, რომ ქუთაისში გვქონდეს ბიურო, ამ კრიზისული დღეების ფონზე, მითუმეტეს, როცა, ადგილზე უფრო მეტი ჟურნალისტი გვჭირდება, ადგილზეც ბევრი არის სამუშაო. თუმცა, ასევე, ვამბობ იმასაც, რომ 2017 წელს, როცა თავის დროზე ბიურო გაუქმდა ქუთაისში, ეს არ იყო, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება და ამას მაშინაც ვამბობდი, რომ რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებელს, გარდა საპარლამენტო ამბებისა, დასავლეთ საქართველოს სხვა ამბებიც უნდა აინტერესებდეს.“
აბეზაძემ, TV25.GE-თან საუბრისას, ისიც, განაცხადა, რომ ის ახალი ამბების გუნდთან ერთად, მაუწყებლის დირექტორს შეხვდა, სადაც გიორგი კოხრეიძემ თეონა ხარაბაძესთან დაკავშირებით მიღებული საკითხის გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობა დაანონსა. ამბის დასადასტურებლად, თავად, გიორგი კოხრეიძესაც დავუკავშირდით, თუმცა, იმ მიზეზით, რომ საჭესთან იმყოფებოდა, ჩვენი საუბარი ვერ შედგა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს და მენეჯერულ გადაწყვეტილებებს, კრიტიკულად აფასებს:
„ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ, ისეთი საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც ქმნის გაუსაძლის სამუშაო პირობებს, ახალი ამბების სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. დღევანდელი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ასეთი პოლიტიკის განხორციელება კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას.“ - ვკითხულობთ ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თეონა ხარაბაძის ინტერესებს ორგანიზაცია „იემსი“ იცავს. საკითხის მოკვლევა, სახალხო დამცველის აპარატმაც დაიწყო.