03, აპრილი 2020 21:27:00
იმ პრობლემაზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრებლებს აწუხებთ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში დგას ავტომობილი, რომელიც ამორტიზებულია, მღრნელების და ინფექციის ბუდეაა ქცეული. ამორტიზებული სატრანსპორტო საშუალების ტერიტორიიიდან გაყვანას მოქალაქეები წლების განმავლობაში ითხოვდნენ. როგორც აღმოჩნდა, ამისთვის რეპორტაჟის გაკეთება გახდა აუცილებელი.
ავტომანქანა, რომელსაც ფაქტიურად აღარც მარკა ეტყობა და ძველი იერსახიდან თითქმის აღარაფერი შერჩენია, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში საპატიო ადგილი აგერ უკვე 30 წელია უკავია. სიძველეც ცხადყოფს, რომ მას დიდი ხანია აღარავინ იყენებს. სასახლის ირგვლივ მცხოვრებლები მის გატანას დიდი ხანია ითხოვენ, თუმცა მოთხოვნა ყურად არავინ იღო.
მწერებისა და მღრღნელების ბუდე, ძაღლების თავშესაფარი, მიუსაფარი ადამიანებისთვის ღამის გასათევი, სამალავი ნარკომომხმარებლებისთვის - უპატრონოდ მიტოვებულ ტრანსპორტს სათავისოდ, თუმცა არც თუ ისე სახარბიელო მიზებისთვის მომხმარებელი ბევრი ყავს, ამიტომ ადგილობრივებს განსაკუთრებით ეშინიათ, როცა ეზოში თავს ბავშვები იყრიან.
ამორტიზებული ტრანსპორტი სასახლეს 2011 წლამდე ეკუთვნოდა, ანუ იმ დრომდე, ვიდრე „ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლე“ ლიკვიდაციას განიცდიდა. სამართალმემკვიდრეობა მას შემდეგ სასახლეზე აღარ გადასულა. დირექტრის, თამარ მესხიძის თქმით, იგი სავარუდოდ, მერიის ბალანსზე დარჩა. ეკუთვნის თუ არა ქონება ბათუმის მერიას, კონკრეტული პასუხი აქ არ გაგვცეს, თუმცა ქონების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ ამორტიზებულ ტრანსპორტს მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ხვალ, დღის ბოლომდე გაიტანს.
ტრანსპორტს გამსახურდიას ქუჩიდან გაიტანენ, თუმცა რას მოუხერხებენ, მერიაში ჯერ არ იციან. დავით კოპინაძის თქმით, სავარაუდოდ ჯართში ჩააბარებენ.