07, აპრილი 2020 09:43:00
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღესრულება.
სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. ცნობისთვის, 2 დღის წინ, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქი არ დასწრებია. ტაძარში არც მეუფეები იმყოფებოდნენ. მრევლს ქადაგებით მხოლოდ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მიმართა.
პატრიარქმა 1 აპრილს მრევლს მიმართა. ილია მეორის მიმართვაში წერია, რომ რომ მორწმუნეთა იმ ნაწილს, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე მათ, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, შეუძლიათ სახლში დარჩნენ.
პატრიარქი ასევე ურჩევს მრევლს, შეასრულონ მითითებები და ტაძარებსა და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცვან დისტანცია, საღმრთო ლიტურგიის შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ მხოლოდ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც.