ხულოს მერიის თანამშრომლებმა პრემია უკან გუშინ, "TV 25"-ის მასალის ეთერში გასვლის შემდეგ დააბრუნეს - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, თუმცა პრესსამსახური თანხის უკან გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ გვაწვდის. უწყებაში განმარტეს, რომ დასაქმებულებმა პრემია ინდივიდუალურად ხაზინაში ჩარიცხეს, მაგრამ ქვითრები დაეკარგათ. გვითხრეს, რომ სიტყვაზე უნდა ვენდოთ. დამატებით კითხვებს ნური გორგაძემ არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა.
მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს ებრძვის, ხულოს მერიამ თანამშრომლები ფინანსურად დააჯილდოვა. ხელფასზე 50%-იანი დანამატი მერიის16 თანამშრომელს გასულ კვირას ჩაერიცხა.
ფაქტს აჭარის მთავრობის თავჯდომარე გამოეხმაურა.
„მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ინფექციას ებრძვის, ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, აბსოლუტურად ვერ გავიზიარებთ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან, ან წახალისებასთან მიმართებით. მისასალმებელია, თუ ვინმემ შეიგნო და მოახდინა აღნიშნული თანხების ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება. ამავე დროს, თუ ვინმეს გააზრებასთან მიმართებით გარკვეული პრობლემა აქვს, ვპირდები, აუცილებლად გაიაზრებენ და შეიგნებენ, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში დაუშვებელია ნებისმიერი პრემიისა და წახალისების შემთხვევები. იმის მიუხედავად, ვინ იქნება ეს, არჩევითი თუ დანიშვნითი თანამდებობის პირი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.