09, აპრილი 2020 21:11:00
31 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან. უკვე წლებია ქობულეთში, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეწირულებს პატივს, მემორიალის გარეშე მიაგებენ. TV 25 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ყოველ 9 აპრილს ერთსა და იმავე კითხვას უსვამს: რატომ ვერ მოახერხა მერიამ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა? ვნახოთ დაპირებების არქივი.
სიცრუის კიდევ ერთი წელი. ყოველ ცხრა აპრილს მირიან ქათამაძე ამაოდ პირდება მოსახლეობას, რომ ამ სკვერში მემორიალს განათავსებს, ასე უკვე ხალხის მიერ არჩეული მერი მოსახლეობას მესამე წელია ატყუებს.
ეს ინტერვიუ 2018 წლით თარიღდება. მირიან ქათამაძემ პირობა, რომ არ შეასრულა გასულ წელსაც შევახსენეთ. უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილმა თავი დამნაშავედ იგრძნო, თუმცა 2019 წელს შემქმნილი ვითარება მან რამდენიმე გარემოებით ახსნა:
პასუხისმგებელი პირები, რომ ამ საკითხზე სათანადოდ არ მუშაობენ გასულ წელსაც კარგად გამოჩნდა. არქიტექტურის სამსახური უფროსი, რომელიც პროექტის ავტორია 2019 წლის 9 აპრილს ამბობდა, რომ ექსკიზზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაჩქარებული წესით დაიწყო. საპირისპიროს ამტკიცებდა მუნიციპალიტეტის მერი. როგორც აღმოჩნდა მაშინ ქათამაძეს თანამშრომელთან პოზიცია შეთანხმებული არ ჰქონდა.
ცხრა აპრილის სკვერში დღეს საერთოდ არ მისულა. გმირებისთვის პატივი მიგება, სავარაუდოდ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ვერ მოახერხა. მუნიციპალიტეტის მერმა დღეს ვერც ჩვენთან მოახერხა გასაუბრება. იმ მიზეზით, რომ ონლაინ კონფერენცია ეწყებოდა, ტელეფონი გაგვითიშა.
დაპირების მიუხედავად, უწყების პრესცენტრიდან არავინ დაგვკავშირებია. ცხრა აპრილის სკვერი კი დღეს ასე გამოიყურება. შეჩერებული სამუშაოები და მემორიალი დაუსრულებელ მდგომარეობაშია. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ შეწყდებოდა. როგორც ჩანს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა არც უმაღლესი რგოლის მითითებასაც ითვალისწინებს.
ქობულეთის მერიამ საპასუხო წერილი სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ გაავრცელა. წერილში საუბარია იმაზე, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები პანდემიის ფონზე შეჩერებულია და მშენებელ კომპანიებს სამუშაოების გაგრძელება, მხოლოდ გამონაკლის სიტუაციაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით შეუძლიათ განაახლონ.