22, აპრილი 2020 21:36:00
მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და ეს ინფექცია რამდენიმე წლის განმავლობაში იარსებებს. პანდემიიდან გამომდინარე, ახალმა კორონავირუსმა გავლენა ეკონომიკასა და ტურიზმის დარგზე უკვე იქონია. რას ამბობენ მოქალაქეები, რომელთაც სესხი წარმატებული ტურისტული სეზონის იმედად აიღეს? ვნახოთ სიუჟეტი.
ქობულეთის სანაპიროზე, სასტუმრო „რეიამს“ ბევრი იცნობს. ტარიელ ვერულიძე მას 12 წელია ამუშავებს. იმისთის, რომ კომფორტი და სერვისები გაეუმჯობესებინა, გასულ წელს 100 000 ლარის ოდენობით სესხი აიღო. პირობების მიხედვით, ყოველი მომდევნო ზაფხულის ბოლოს ბაკში ერთიანად უნდა გადაიხადოს 23 000 ლარი. დღეს, აღებული ვალდებულების ძალიან ეშინია. ფიქრობს, რომ გადახდას ვერ შეძლებს და ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდება.
მცირე ზომის სასტუმროებით თავს აჭარაში ასობით ოჯახი ირჩენს. მათ უმრავლესობას სწორედ ისეთივე სასესხო ვალდებულება აკისრია, როგორიც ჩვენი სიუჟეტის წინა გმირს. ტურისტების სიმრავლე მათი გადარჩენის პირდაპირპროპორციულია, ამიტომაც სანერვიულო ყველას ერთნაირად აქვს. რევაზ ვერულიძე, ქობულეთში, სასტუმროსთან ერთად, ზაფხულში კაფესაც ამუშავებს. თუ დამსვენებელს ვერ მიიღებს, საკუთარი ოჯახის გარდა, შემოსავლის გარეშე მისი პერსონალიც დარჩება.
ტურიზმის სექტორში მომუშავე მეწარმეებს, არსებულ რეალობაში მხოლოდ ხელისუფლების დახმარების იმედი აქვთ. ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმის სეგმენტის გათვალისწინება იმგვარად მოხდება, რომ გადარჩენას შეძლებენ.
საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია პარასკევს უნდა წარმოადგინოს. სწორედ 24 აპრილს უნდა გახდეს ცნობილი, სხვა მიმართულებებთან ერთად, როგორ ფიქრობს სახელისუფლებო გუნდი ტურიზმის გადარჩენას. რამდენიმე ალტერნატივაზე ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის ცენტრის განვითარების“ თავმჯდომარე საუბრობს. ზვიად ელიზიანი აღნიშნავს, რომ, აუცილებელია ტურიზმის დეპარტამენტმა გააგრძელოს სამიზნე ქვეყნებში პიარ-კამპანიები, რათა კრიზისის დაძლევის შემდეგ, საქართველო ისევ დარჩეს ვიზიტორებისთვის საინტერესო ქვეყანა. ელიზიანს აუცილებელ პირობად მიაჩნია შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაც.
ტურიზმის ექსპერტების რეკომენდაცია არის ისიც, რომ ტურისტულ ობიექტებზე, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ვიზიტორებისთვის, გამკაცრდეს და დაინერგოს უსაფრთხოების კომპონენტები, აღჭურვილობები, ასევე შემუშავდეს გაიდლაინები, რაც გარდა იმისა, რომ იქნება ერთგვარი თავდაცვა, ხელს შეუწყობს ბაზარზე უსაფრთხო ქვეყნის სახელის პოპულარიზაციას.