25, მაისი 2020 11:49:00
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც საია-ს სამართლებრივი დახმარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, პარლამენტმა უფლებამოსილებების მთავრობისადმი დელეგირება ისე მოახდინა, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა. შესაბამისად ისინი, აღნიშნული ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.
„ჩვენ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც პარლამენტმა სამი მოსმენით კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ძირითადი არგუმენტები ჩვენს სარჩელში შეეხება იმას, რომ საქართველოს პარლამენტს კონსტიტუცია არ ანიჭებდა უფლებამოსილებას, ის უფლებები, რაც პარლამენტისთვის არის განსაზღვრული, მაგალითისთვის შრომის უფლების შეზღუდვა ან მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა, გადაეცა მთავრობისთვის, ამიტომ ჩვენ ამ დელეგირების ნაწილს ვასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში. პარლამენტმა უფლებამოსილებების მთავრობისადმი დელეგირება ისე მოახდინა, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეუძლია. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით (81 მომხრე) მხარი გასულ კვირას დაუჭირა.