25, მაისი 2020 21:10:00
რუსუდან დოლიძე ყოფილი ემიგრანტია საფრანგეთიდან. იგი საქართველოში, მიმდინარე წლის იანვარში დაბრუნდა. მარტოხელა დედა მას შემდეგ სამსახურის მაძიებელია. კერძო და საჯარო ორგანიზაციებიდან დაპირებები უხვად მიიღო, თუმცა თავი დღემდე შემოსავლის გარეშე გააქვს.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გავრცელდა, აჭარის დასაქმების სააგენტომ მხოლოდ 30-მდე პირი დაასაქმა. სტატისტიკის გაუმჯობესებას, სააგენტოში პანდემიის დასრულების შემდეგ ელოდებიან. აქვთ მოლოდინი, რომ მოთხოვნა გაიზრდება როგორც დამსაქმებლების, ისე დასაქმების მსურველთა მხრიდან. როგროც აქ ამბობენ, პანდემიის მიუხედავად, რომელიმე ერთ სპეციალისტზე მოთხოვნა არ გაზრდილა, ამიტომაც რაიმე სახის, მათ შორის პროგრამების გადახალისება არ მომხდარა.
გარდა სამუშაო ადგილების შექმნისა, სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ „ლელო საქართველოში“. ამბობენ, რომ ანტიკრიზისული გეგმა სწორედ ამ გამოწვევას უნდა პასუხობდეს, რადგან, უმუშევარი ადამიანებისთვის 200 ლარიანი დახმარება, ვერც დროებით და მით უფრო ვერც შორეულ პერსპექტივაში, მის ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.
პანდემიამდე არსებული თუ მის შემდეგ დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად და იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ტარდება, მმართველ გუნდში კრიზისის მოლოდინი არ აქვთ. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ილია ვერძაძე ირწმუნება, რომ სამუშაოს მაძიებლები უსამსახუროდ არ დაჩებიან. დეპუტატს წარმატებული ტურისტული სეზონის იმედი აქვს.
წარმოადგენს თუ არა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სახელმწიფო დასაქმების სპეციალურ სტრატეგიას, უცნობია. ხელისუფლება ამ ეტაპზე მხოლოდ იმ სოციალურ მხარდაჭრაზე საუბრობს, რომელიც უმუშევრად დარჩენილი ოჯახებისთვის, ექვსი თვის ვადაში 200 ლარიან, ხოლო თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას გულისხმობს.