26, მაისი 2020 15:57:00
102 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. საქართველო დღეს დამოუკიდებლობის მოპოვებას ზეიმობს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში მასშტაბური ღონისძიებები არ დაიგეგმა. საბჭოთა ოკუპაციისგან ხსნა, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე მოკრძალებულად აღინიშნა.
ვაზიანი, დღეს საზეიმო ღონისძიებების მთავარი ეპიცენტრი იყო. ძირითადი ღონისძიება მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა მიულოცა.
სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და მთავარმა სერჟანტმა თავდაცვის ძალების წარმატებულ წარმომადგენლებს უწყებრივი ჯილდოები – მედლები „სამშობლოსთვის თავდადებული“ გადასცეს.
ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღინიშნა, თუმცა ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი თავდაცვის ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების სხვადასხვა ქვედანაყოფშიც გაიმართა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მოეწყო სამხედრო ტექნიკის გამოფენა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. დიპლომატი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოსა და აშშ-ს მტკიცე მეგობრობა აკავშირებს, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება-თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას.
საქართველოს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საძიებო სისტემა Google-ი. Google.ge-ზე შესვლისას ჩნდება საქართველოს დროშის გიფი. მასზე მაუსის დაწკაპებისას კი მომხმარებელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიღვნილ, ინგლისურენოვნ სტატიებზე გადადის.
117 წლიანი ანექსიის შემდეგ, ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. სწორედ ამ დღეს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.