29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.
“ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი შრომის შედეგია. ამიტომ დღის წესრიგში დგას შემდგომი ამოცანა - ეს გახლავთ ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედება. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, როგორც ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ეს გეგმა ცოტა უფრო ავაჩქაროთ. დღეს ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვაწოდა კვლევის შედეგები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ინფექციის შიდა გავრცელების მასშტაბი არის ძალზედ მცირე და რისკები არის შემცირებული.
8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.
8 ივნისიდან, აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაიხსნება ასევე სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.
„ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ მუშაობა. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა. გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. ეს ნაბიჯები მიღებულია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით,“- განაცხადა გახარიამ
1-ელი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 1-ელი ივნისიდან გაიხსენება ასევე ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის №543 ბრძანების თანახმად, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა, 15 ივლისამდე პერიოდში, ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. "სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა" , - ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების მოქმედებას განსაზღვრავს.
ბრძანება 25 მაისით არის დათარიღებული და 2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედებს და ვრცელდება 2020 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ამ დროისთვის ბრძანება მოქმედებს: ა) თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 29 მაისიდან; ბ) ქ. თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 31 მაისიდან.