27, მაისი 2020 21:10:00
გამოშვებას ვხსნით Tv 25-ის ექსკლუზიური ინფორმაციით. ბათუმის თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე უაქციზო სიგარეტი იყიდება. შავ ბიზნესში ათეულობით ადგილობრივია ჩართული. გასაიდუმლოებულია სქემა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთიდან და მეზობელი თურქეთიდან კონტრაბანდა შემოდის. პროცესს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. სულხან მესხიძე ესაუბრა დღეს რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც იციან რომ უკანონობას სჩადიან, თუმცა ვაჭრობაზე უარს ვერ ამბობენ. რატომ არ რეაგირებს კანონდარღვევის აშკარა ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური?
ასე დაუფარავად ბათუმში, აფხაზური „მანჩესტერი“ იყიდება. მოვაჭრეებმა იციან, რომ უაქციზო თამბაქოს რეალიზაცია კანონდარღვევაა, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავენ, რადგან მათივე თქმით, აკრძალვის შესახებ მითითება დღემდე არ მიუღიათ.
ვინ აწვდის თვითდასაქმებულებს უაქციზო სიგარეტს ჩვენთვის უცნობია. ისინი რეალიზატორების შესახებ ინფორმაციას არ გასცემენ. გვარწმუნებენ, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის კონტაქტები არ აქვთ, პროდუქციას კი ადგილზე მიტანით იბარებენ
აფხაზური და თურქული თამბაქო მომხმარებლებისთვის როგორც კოლოფით ისე ცალობითაა ხელმისაწვდომი. ღირებულება 3-დან 5 ლარამდე მერყეობს.
TV 25-ს ერთ-ერთი მოქალაქე უყვება, რომ შავი ბიზნესის უკან კარგად ორგანიზებული ჯგუფია, რომელიც ხელისუფლებასთანაა კავშირში. ეჭვებს ისიც უმყარებს, რომ 112-ში არაერთხელ დარეკვის მიუხედავად, კანონდარღვევაზე შეტყობინებას რეაგირება არ მოჰყოლია.
მაშინ, როდესაც უაქციზო თამბაქო ქალაქში არაერთ ობიექტზეა ხელმისაწვდომი და შავი ბიზნესი პოპულარულია, მცირე მეწარმეებს რომლებსაც ბიზნესის წარმოება გამჭვირვალედ სურთ, ნებართვებზე უარს ეუბნებიან. ერთ-ერთი ასეთი ქეთევან ვახტანგაძეა, რომელიც შემოსავლების სამსახურისგან სიგარეტით ვაჭრობაზე ნებართვას თვეებია ელოდება.
რატომ არ რეაგირებს შემოსავლების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტრაბანტის შემოტანა|რეალიზაციის ფაქტებზე? კითხვაზე პასუხი ვერცერთი უწყებიდან მივიღეთ.