29, მაისი 2020 19:20:00
ეს სმს შეტყობინება ბათუმის მერმა საკრებულოს თავმჯდომარეს დღევანდელ სხდომაზე მიწერა, სწორედ იმ დროს, როდესაც საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება განიხილებოდა. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კატეგორიულად მოითხოვდა განსახილველ საკითხთა ნუსხიდან ამოეღოთ პუნქტი, რომელიც ბათუმის ბულვარში, 341 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის „ამბასადორ-ბათუმის“-თვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემას გულისხმობდა. ლაშა კომახიძემ სულიკო თებიძისთვის ს სმს დირექტივა კენჭისყრამდე მოასწრო. პასუხი მერს საკრებულოს თავმჯდომარემ რამდენიმე წამში დაუბრუნა.
შედეგიც ისეთი დადგა, როგორი მითითითებაც შუა სხდომაზე მაკონტროლებელ ორგანოს აღმასრულებლმა მისცა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა და „ამბასადორ-ბათუმს“ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გადაეცა. გადაწყვეტილებას მხარი სხდომაზე დამსწრე „ქართული ოცნების“ ყველა წევრმა დაუჭირა, გარდა დიმიტრი ჭეიშვილისა და ნატალია ძიძიგურისა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა თემურ კახიძემ.
გადაწყვეტილებისას ერთსულოვნები აღმოჩნდნენ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ მათ ვერ აჩვენეს, თუ რა სახის სარგებლობისთვის იქნება გამოყენებული აღნიშნული ტერიტორია. ეჭვობენ, რომ ბულვარის ამ ნაწილში მრავალსართულიანი შენობა აშენდება, რაც ტერიტორიას იერსახეს დაუმახინჯებს.
ოპოზიციასთან ერთად მმართველ გუნდს წინააღმდეგობას საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც უწევდნენ. „ბათომის“ წევრები აცხადებდნენ, რომ ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის გასხვისებაც დაუშვებელია.
პროექტი არ არღვევს ბულვარის ისტორიულ იერსახეს და ეს შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან - პოზიცია ბოლომდე დაიცვა მერიამ და საკრებულოს უმრავლესობამ.
„ამბასადორ-ბათუმს“ სადაო მიწის ნაკვეთი სარგებლობისთვის 15 წლით გადაეცა.