04, ივნისი 2020 17:33:00
მსოფლიო პანდემიის ფონზე, ბენზინზე ფასები დაეცა. ახლა ერთი ლიტრი საწვავი საშუალოდ 1 ლარი და 90 თეთრი ღირს. ამის მიუხედავად, მიკროავტობუსების მძღოლებმა მგზავრობის ღირებულება თვითნებურად გაზარდეს. მაგალითად თუკი კორონავირუსის გავრცელებამდე ბათუმიდან ხელვაჩაურის მიმართულებით გადაადგილება 50 თეთრი ღირდა, ახლა 70-ის გადახდა მოგიწევთ. მომატებული ღირებულების გამო მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
სამარშრუტო ტაქსით, ხელვაჩაურის მიმართულებით, მგზავრობა, 20 თეთრით გაძვირდა. მოქალაქეებს ახლა 50-ის ნაცვლად 70 თეთრის გადახდა უწევთ, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ კი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობას აეროპორტის გზატკეცილიდან ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე გააგრძელებთ. ქალაქთან შემოერთებულ ტერიტორიამდე მომსახურება ისევ 50 თეთრია. მგზავრობის საფასური 39-მა, 56-მა და 49 ნომერმა სამარშუტო ტაქსებმა გაზარდეს. გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს. მიუხედავად იმისა, საწვავი გაიაფდა, ამბობენ, რომ საამისო მიზეზი მაინც აქვთ.
მძღოლების დამოუკიდებელი გადაწყვეტილება პროტესტის მიზეზი გახდა მგზავრებისთვის. ამბობენ, რომ პანდემიით გამოწვეული უმუშევრობის ფონზე, 20 თეთრიანი მგზავრობის გაძვირება სახარბიელო არ არის.
ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსები შპს „აჭარტრანსრეგულირებას“ ეკუთვნის. ხელმძღვანელი, მალხაზ თურმანიძე ამბობს, რომ საგარეუბნო სამარშუტო ტაქსებზე ფასის მატება გარდაუვალი იყო, რადგან შემცირებულია მგზავრტა რაოდენობა და გაძვირებულია სათადარიგო მომსახურება.
თუ როგორი ტარიფი იქნება დაწესებული სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობისას, გადაწყვეტიელბას ბათუმის საკრებულო იღებს, ამიტომ, როგორც საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე- ზურაბ ნაკაიძე ამბობს რომ, შესაბამისი სამსახური ზომებს გაატარებს და მძღოლები სანებართვო წესების დარღვევისთვის 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან.
სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა 29 მაისიდან განხლდა.