09, ივნისი 2020 21:30:00
ანგარიში აქციის ფონზე. რეგიონის მთავრობამ გასული წელი და პანდემიის პირობებში გატარებული პოლიტიკა შეაჯამა. თორნიკე რიჟვაძემ პრეზენტაცია უმაღლეს საბჭოში ხმაურის ფონზე წარადგინა. შენიშვნები ტრადიციულად ოპოზიციას ჰქონდა. თუმცა პრეტენზიები შენობის გარეთ, იქ შეკრებილმა თვითდასაქმებულებმაც დააფიქსირეს. რაზე აქცენტირდა მთავრობის თავმჯდომარე, რომლისგანაც პასუხებს როგორც დეპუტატები, ასევე გარემოვაჭრეებიც ითხოვდნენ?თეო ფუტკარაძე უნდა შემოგვიერთდეს თემის დეტალებით, თეო გისმენთ
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ხმაურით დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის წევრი ელგუჯა ბაგრატიონი სხდომაზე გარემოვაჭრეების დასწრებას ითხოვდა, რომლებიც შენობასთან ივნენ შეიკრებილები. მათ სურდათ თორნიკე რიჟვაძისთის პანდემიის მიზეზით შექმნილი თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობა აეხსნათ და დახმარება ეთხოვათ, რასაც დავით გაბაიძე არ თანხმდებობდა. ამბობდა, რომ სხდომათა დარბაზში ფიზიკურად არ იყო ადგილი და მოქალაქეებს საკუთარ კაბინეტში სხდომის დასრულების შემდეგ მიიღებდა.
საბოლოოდ მოქალაქეს სავარძელი ელგუჯა ბაგრატიონმა დაუთმო, თუმცა გარეთ გასვლა მაინც მოუწია. მოვაჭრე ამბობს, რომ ადგილმონაცვლეობა შესთავაზეს, რის გამოც თავი შეურაცყოფილად იგრძნო.
მოგვიანებით, პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებმაც დატოვეს და მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში არ მოისმინეს.
ხმაურის გამო შესვენება რამდენჯერმე გამოცხადდა, თუმცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეაჯამა როგორც გასული წელი, ისე კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში გატარებული პოლიტიკა. თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა და თქვა, რომ სამუშაოები საგანგებო რეჟიმისას არ შეჩერებულა. ისაუბრა სამი ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობაზე და საკარანტინე ზონების ეფექტური მართვისთვის დახარჯულ რესურსზე.
ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა. წარდგენილი ანგარიში თანაგუნდელებმა მოიწონეს. კრიტიკული შეფასება არც იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს ქონიათ, რომლებიც სხდომაზე დარჩნენ.
მთავრობის თავმჯდომრეს არც პრეზენტაციისას და არც კითხვა-პასუხის ეტაპზე არ აღუნიშნავს არცერთი ფაქტისა თუ გარემოების შესახებ, რაზეც ფიქრობს, რომ მეტი შეეძლო ან შეიძლებოდა. თორნიკე რიჟვაძე აცხადებდა, რომ როგორც გასულ წელს, ისე პანდემიისას საკუთარი მოსახლეობის საკეთილდღეოდ მაქსიმალურად გაიხარჯა. იგი ასევე ფიქრობს, რომ კორონავირუსის შემდეგ შესაძლოა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შემცირდეს, თუმცა რეგიონისთვის ეს მნიშვნელოვანი დანაკლისი არ იქნება.