10, ივნისი 2020 21:16:00
მეტადონი, როგორც წამალდამოკიდებულების მკურნალობის გზა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ამბობენ, რომ მეტადონის პროგრამის მომხმარებელთა რიცხვი ბოლო სამ თვეში საგრძნობლად გაიზარდა. როგორ მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი კარანტინის პერიოდში? და რა ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ სამედიცინო ცენტრები და არასამთავრობო ორგანიზაციები? ჩემი კოლეგა არკვევდა.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს აჭარაში დღეს იმაზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, ვიდრე სამი თვის წინ. მას შემდეგ, რაც პანდემიამ იფეთქა, ჩანაცვლებითი თერაპიით მოსარგებლეთა რიცხვი 1030-მდე გაიზარდა, თუმცა როგორც აქ ამბობენ, რიცხვი ყოველთვის მზარდი და ცვალებადი იყო, ამიტომ მომსახურეობისას განსაკუთრებული პრობლემები არ გასჩენიათ. მოხდა ერთი ცვლილება. ყოველდღიურობის ნაცვლად, ბენეფიციარებს ცენტრიდან მეტადონის ერთბაშად ხუთი დღის მარაგი მიაქვთ.
„ურანტი“ ის კერძო სამედიცინო ცენტრია, რომელიც ნარკომანიით და ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირთა სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას უზრუნველყოფს. ამბობენ, რომ ბენეფიციარების მართვაში პანდემიას განსაკუთრებული არაფერი შეუცვლია.
„იმედი“ ბათუმში მოქმედი ის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი ბენეფიციარების ბინაზე მომსახურებასაც უზრუნველყოფს და ოფისშიც. ამბობენ, რომ კრიტიკული პერიოდი მაშინ იყო, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალული იყო.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისთვის ერთ-ერთი გამოწვევა საკარანტინე ზონაში აღმოჩენილი წამალდამოკიდებული პაციენტების მართვა აღმოჩნდა. ცენტრი შეტყობინების საფუძველზე, სამედიცინო დახმარების საჭიროების დადგენის მიზნით, პირს ჯერ კვლევას უტარებს, შემდეგ კი მიიღება გადაწყვეტილება, ესაჭიროება თუ არა ჩანაცვლებითი თერაპია. რა პრობლემები გაჩნდა პანდემიისას, ფოკუს ჯგუფებთან სპეციალურ კვლევას ორგანიზაცია „თანადგომა“- ატარებს. შედეგებზე პრეზენტაციას ორგანიზაცია სავარაუდოდ მომდევნო კვირის ბოლოს გამართავს.