24, ივნისი 2020 21:06:00
კორონავირუსის გავლენა შავ ზღვაზე. გარემოს დამაზიანებელი კიდევ ერთი ახალი კერა, პანდემიამ შემქნა. ზღვის წყალში ახლა სხვა ნარჩენებთან ერთად ერთჯერადი პირბადეები და რეზინის ხელთათამანებიც ხვდება. ტურისტებს შიში აქვთ. ადგილობრივებს პრეტენზიები. საფრთხევს ხაზს უსვამენ გარემოსდამცველები. როგორ შეცვალა კოვიდ 19-მა ზღვბის წყლის ხარისხი და რატომ არ აქვს რეგიონს ნარჩენების მართვის პოლიტიკა? ნინია მესხიძე გიამბობთ
პანდემიის პერიოდში, სანაგვე ურნებს აცდენილი ერთჯერადი პირბადეები და რეზინის ხელთათმანები საბოლოოდ ზღვის სანაპირო ზოლსა და წყალში ხვდება. პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და ზღვის ძირითადი დამაბინძურებლების გარდა, ეს კიდევ ერთი ახალი კერაა, რომელიც გარემოს საგრძნობლად აზიანებს. მიუხედავად მკაცრი რეკომენდაციისა, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო აღჭურვილობის გამოყენების შემდეგ, თავდახურულ ურნაში მოათავსონ, ნარჩენებს სხვადასხვა ტერიტორიაზე ხშირად შეხვდებით.
პრობლემა თვალშისაცემი მალევე გახდა დამსვენებლებისთვის. ლიზა ვადაჭკორიას თქმით, ამ ტიპის ნარჩენების მოხვედრა გარემოში ორმაგად საზიანოა როგორც ვირუსის გავრცელების, ისე გარემოს კიდევ უფრო დაბინძურების მხრივ, რადგან პანდემიის გამო, პირბადესა და ხელთათმანს ადამიანები დღეში რამდენჯერმე იცვლიან.
COVID19-ის პრევენციისთვის გამოყენებული და გადაყრილი პირბადეებისა თუ რეზინის ხელთათმანების მიერ უკვე საგრძნობლად დაბინძურებული გარემო არასასიამოვნოა სამოქალაქო აქტივისტისთვის. გიორგი ბოლქვაძე გვიყვება, რომ ზღვისა და სანაპირო ზოლის პარალელურად, ნარჩენებს ქუჩებშიც ხშირად ხვდება.
ამ ეტაპზე ზღვაში მოხვედრილი ნარჩენებიდან სიმრავლით, რომ პირბადეები და ხელთათმანები გამოირჩევა, ამაზე ეკოლოგიის ექსპერტიც საუბრობს. კახა გუჩმანიძის მოსაზრებით, პრობლემა ვირუსის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა დისკომფორტს წარმოადგენს.
პლაჟის დაბინძურებისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას 80 ლარიანი ჯარიმა აქვს დაწესებული. როგორც უწყებაში განაცხადეს, წელს ბულვარისა და მის მიმდებარედ დანაგვიანების გამო, ჯერ არავინ დაჯარიმებულა, თუმცა განმარტეს, რომ პანდემიის პირობებში სანაპირო ზოლის დაბინძურებაზე ზედამხედველობა გამკაცრდება.
როგორია ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი პანდემიის პირობებში - ჩვენთვის უცნობია, რადგან აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში არ გვიპასუხეს.