01, ივლისი 2020 21:59:00
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. საზღვართან ის ადამიანები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ყოველდღიურად გადადიოდნენ. ისინი საზღვრის გახსნას მოითხოვდნენ. თვითდასაქმებულთა განმარტებით, შემოსავლის გარეშე დარჩნენ, სახელმწიფოსგან კი დახმარება ამ დრომდე არ მიუღიათ.
თვითდასაქმებულთა საპროტესტო აქცია სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან 12 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები თურქეთთან საზღვრის გახსნას ითხოვდნენ. აცხადებდნენ, რომ შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგეს და ხელისუფლებისგან კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიით მიზეზით, თურქეთთან საზღვარი ჩაიკეტა, თვითდასაქმებულებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციების შემდეგ, მიღებული იქნა გადაწყვეტილაბა, ერთჯერადი 300 ლარიანი დხმარების გაცემის თაობაზე, თუმცა დღეს ისინი აცხადებდნენ, რომ ერთხელ აღებული 300 ლარით, თვეების განმავლობაში ვერც თავს გაიტანენ და ვერც ოჯახებს არჩენენ.
აქციის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა ქუჩის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
აქციაზე უფლებადამცველიც იმყოფებოდა. თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ თვითდასაქმებულთა მოთხოვნა სამართლიანია. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, მოუსმინოს მოვაჭრეებს და იზრუნოს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
შეკრებილებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა. ზურაბ თენეიშვილი განმარტავს, რომ თვითდასაქმებულებს უჭირთ რეგისტრაციის სწორად გავლა. იგი მოუწოდებს, მათ დახმარებისთვის დასაქმების სააგენტოს მიმართონ. რეგისტრაციის ვადა 15 ივლისს იწურება.
საზღვრის გახსნაზე ამ ეტაპზე ქართული მხარე არ საუბრობს. საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო, 15 მარტიდანაა შეჩერებული.