01, ივლისი 2020 21:30:00
ახლა კი უნდა გიამბოთ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე, რომელიც წლებია დახმარების მოლოდინშია. მართალია ბერიძეებს სოციალური შემწეობა აქვთ, თუმცა როგორც გვიყვებიან, ეს საარსებოდ საკმარისი არ არის. ქირით აღებულ ბინაში დაძინებისაც კი ეშინიათ, რადგან ირგვლივ მრავლადაა მღრღნელები და ქვეწარმავლები.
ამ მდგომარეობაში უკიდურესად გაჭირვებული ქალი ოჯახის კიდევ ორ წევრთან ერთად ცხოვრობს. ქირით აღებულ 2 ოთახში, როგორც თავად ამტკიცებს, ვირთხები და მორიელებია. ქვეწარმავლებისა და მღრღნელების შიშით, როგორც გვიყვება, დაძინების ეშინიათ. შესაძლებლობა არ აქვთ, რომ საცხოვრებელი შეიცვალონ. უფრო მეტიც, ქირის გადახდაც უჭირთ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მფლობელმა 50 ლარით გაუძვირა.
აზა ბერიძის პრობლემების ჩამონათვალი ამით არ სრულდება. სახლში ზამთარში წვიმა და თოვლი ჩადის, ზაფხულში გაუსაძლისი სიცხეა. 63 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ასთმითაა დაავადებული მისი მეუღლეც. ოჯახის შემოსავალი, 220 ლარიანი პენსია და სოციალური დახმარებაა, რომელსაც წამლებზე, საკვებზე, ქირასა და სხვა საჭიროებებზე ვერ ანაწილებენ.
აქ მცხოვრებლების გასაჭირს ისიც ემატება, რომ ტერიტორიაზე გაუსაძლისი სუნია. დიასახლისი ყვება, რომ ქალაქის ამ ნაწილში კანალიზაციაა მოუწესრიგებელი. ამბობს, რომ დაპირება არაერთხელ მიიღეს, თუმცა მაღალჩინოსნებს ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, აზა ბერიძემ პენსია სხვადასხვა საჭიროების გამო, წინასწარ გამოიტანა. შესაბამისად, ახლა არ იცის, როგორ შეძლებს ოჯახი თავის გადარჩენას. უკიდურესად გაჭირვებულები ახლა ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების მოლოდინში არიან.