02, ივლისი 2020 21:20:00
კიდევ ერთ საპროტესტო აქციაზე უნდა გიამბოთ, რომელიც ქობულეთში, სოფელ დაგვაში მცხოვრებლებმა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი გზის რეაბილიტაცია იყო. მოსახლეობაში ამბობენ, რომ პრობლემა დიდ გავლენას ახდენს ციტრუსის რეალიზებაზეც. ადგილობრივთა თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას ბევრჯერ მიმართეს, მათგან კი მხოლოდ უშედეგო დაპირებები მოისმინეს.
ქობულეთის სოფელ დაგვაში, ლაზისტანის დასახლებაში, ყველაზე მწვავედ უგზოობას ხანდაზმულები გრძნობენ. მოხუცებს თუ პაციენტებს, ოჯახის წევრები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებს ხშირად შუა გზაზე ახვედრებენ. საქმე იმაშია, რომ ავარიული გზის გამო მანქანით გადაადგილებას იმდენად დიდი დრო სჭირდება, რომ სამედიცინო დახმარება შესაძლოა ძალიან დაუგვიანდეს.
უგზოობის გამო სოფელს კიდევ ერთი პრობლემა აქვს. უგზოობის გამო, ისინი ვერც მოსავლის რეალიზებას ახდენენ. ამბობენ, რომ მაგალითად, ციტრუსის სეზონზე მათთან არავინ მიდის, რადგან ტრანსპორტირება ფაქტიურად შეუძლებელია. სოფლის მცხოვრებლებმა წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, დღეს, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
პროტესტი ადრეც გამოუთქვამთ და მოთხოვნითაც მერიისთვის არაერთხელ მიუმართავთ, თუმცა დაპირების გარდა დაგველებს დღემდე ქობულეთის ხელმძღვანელობისგან არაფერი მოუსმენიათ.
როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ქობულეთის მერიისგან პასუხი ამ კონკრეტულ აქციაზეც, მხოლოდ წერილობით მივიღეთ, თუმცა ძალიან მწირი. მერია გვწერს, რომ პრობლემას აჭარის საგზაო დეპარტამენტთან ერთად გადაჭრის, რომ ასეულობით მეტრზე ბეტონის საფარი დაგებულია და რომ სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება.
წერილში კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ არის. ადგილობრივები დღეს აქციაზე აცხადებდნენ, რომ თუ გზის კეთილმოწყობითი სამუშაოები დროულად არ დაიწყება, აქციებს ისევ გამართავენ.