02, ივლისი 2020 21:30:00
5 შვილის დედა, 19 შვილისშვილისა და 50-მდე შვილთაშვილის ბებია. ნაქიფე დავითაძეს 107 წელი ერთი თვის წინ შეუსრულდა. შუახევში მცხოვრებ ქალს ყველაზე მეტად სეირნობა და სოფლის ახალი ამბების მოსმენა უყვარს. უმთავრესი ბედნიერება კი მისთვის მრავალწევრიანი ოჯახია. ნაქიფემ თავის ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოც გაგვიზიარა.
ნაქიფე დავითაძეს 107 წელი 1 ივნისს შეუსრულდა. იგი შუახევის მუნიციპალიტეტიდანაა. განვლილი ცხოვრებიდან ბევრი რამ აღარ ახსოვს, თუმცა რაც არასდროს ავიწყდება, დედაა, რომელიც ხანდაზმულ შვილს 2002 წელს, 120 წლის ასაკში გარდაეცვალა. ამ კონკრეტულ მომენტში ვერც დედის სახელი გაიხსენა.
პროფესია არ ჰქონია. მთელი ცხოვრება, ოჯახის საქმეებით იყო დაკავებული. მის ხელში რამდენიმე თაობა გაიზარდა. ნაქიფეს 5 შვილი ჰყავს, 19 შვილის შვილი და 50-მდე შვილთაშვილი. სულ ხუთ თაობას მოეწრო. ნამრავლი ასს აღწევს.
სახლის საქმეები ნაქიფე ბებომ, ახლა სწორედ მათ გადააბარა. შვილის შვილებს და მათ შვილებს. 107 წლის ასაკში დროს ძირითადად ეზოში ატარებს. უყვარს სეირნობა და სოფლის ახალი ამბების მოსმენა.
ასაკის მიუხედავად თავს მხნედ გრძნობს. ამბობს, რომ ხანდაზმულ ასაკს სოფლის ჯანსაღი გარემოს და ნატურალური პროდუქტის დამსახურებით მიაღწია. მისი ბედნიერება ახლა მრავალრიცხოვანი ოჯახია.
აჭარაში დღეის მონაცემებით, 100 წლის და 100 წელს გადაცილებული სულ 53 ადამიანი ცხოვრობს. წლის ბოლომდე 100 წელი კიდევ 7 ხანდაზმულს უსრულდება.