13, ივლისი 2020 17:41:00
ბათუმის მერის მოვალეობას ჯაბა ტუღუში შეასრულებს. ლაშა კომახიძე კვირის ბოლომდე შვებულებაშია, რის შემდეგაც იგი ჩვენი ინფორმაციით თანამდებობას დატოვებს. ადრესატი TV 25-ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. იგი ჩვენს გადამღებ ჯგუფს არც სახლში დახვდა. ხალხის მიერ არჩეული მერის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად TV 25-მა რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა. ჩვენი ინფორმაციით, მას თანამდებობის დატოვება იძულებით უწევს. ბათუმის მერის, მოვალეობის შემსრულებელი კვირის ბოლოდან სავარაუდოდ, არჩილ ჩიქოვანი იქნება - ამ ინფორმაციას „TV 25”-ს რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო აწვდის. თავად არჩილ ჩიქოვანი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ჩიქოვანი ამ ეტაპზე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსია. იგი მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მეჯვარეა. ერთ-ერთი სამთავრობო წყარო იმასაც გვიყვება, რომ ამ პოსტზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის კანდიდატურაც განიხილება, რომელიც თორნიკე რიჟვაძის ახლო მეგობარია.