არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, აჭარის მთავრობისგან და საქვეუწყებო დაწესებულებებისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა იმის დასადგენად, თუ რა თანხა მოხმარდა 2018-2019 წლებში შრომითი ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, საწვავის, სატელეფონო, წარმომადგენლობით და სამივლინებო ხარჯებს. როგორც კვლევის შედეგად გამოვლინდა, აჭარის მთავრობაში ხელფასები, პრემია და სხვა ხარჯები ბოლო ორი წლის განმავლობაში გაორმაგდა.
გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ წერს, რომ 2018-2019 წლებში, თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე ჯამში 41,863,172.5 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე დაახლოებით 2.3 მეათედით მეტია. აქედან, თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი სარგო 22,628,030.81 ლარს წარმოადგენს, ხოლო შტატზე მომუშავე პირების შრომითი სარგო - 19,235,141.71 ლარს.
2018 წელს აჭარის მთავრობის აპარატში 45 პირი იყო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული. 2019 წელს ამ რიცხვმა 47-მდე მოიმატა. 2019 წლისთვის, შტატგარეშე დასაქმებულთა სიიდან ამოიღეს ელექტრიკოსის, კონსულტანტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის კოორდინატორის პოზიციები. თუმცა შეიქმნა მთავრობის თავმჯდომარის მასმედიასთან ურთიერთობის მენეჯერის, მთავრობის აპარატის პროექტებისა და ინვესტიციების ანალიტიკოსის, მთავრობის აპარატის უფროსის მრჩევლისა და მთავრობის აპარატის ინფრასტრუქტურული საკითხების კონსულტანტის პოზიციები, რომელთა ხელფასების საერთო რაოდენობა 2019 წელს 48,852.93 ლარს შეადგენდა.
ამავე წლებში 928,907.86 ლარის ოდენობის პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა, რაც 2015-16 წლებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების რაოდენობაზე დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია; სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, პრემია 4 თანამშრომლით მეტმა მიიღო, ხოლო გაცემული პრემიის ოდენობა წინა წელთან შედარებით საშუალოდ გაორმაგდა. წინა წელთან შედარებით, 2019 წელს პრემია გაცილებით მეტმა თანამშრომელმა მიიღო, თან გაზრდილი რაოდენობით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროში, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, თითოეული გაცემული პრემიის ოდენობა შემცირდა.
აჭარის მთავრობის აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე 2019 წელს დაახლოებით 124,000 ლარით მეტი ხელფასი გაიცა, ვიდრე 2018 წელს.
რაც შეეხება წარმომადგენლობითი ხარჯებს, 2018-2019 წლებში 446,502.84 ლარი გამოიყო. ასევე საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ წერს, რომ დანახარჯი მკვეთრად გაიზარდა, რადგან შეძენილი საჩუქრების ღირებულება აღემატება 2018 წელს შეძენილი საჩუქრების ღირებულებას. 205 ათასი ლარითაა გაზრდილი 2018-19 წლებში გაწეული სამივლინები ხარჯები. ბიუჯეტი 986,854.06 ლარს ითვლის.
თუ 2018 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის შიგნით მივლინებაში 53-ჯერ, ხოლო ქვეყნის გარეთ - 56-ჯერ იმყოფებოდნენ, 2019 წელს ამ რიცხვებმა 54-მდე და 64-მდე აიწია.
2018 წელს აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლები ქვეყნის შიგნით მივლინებაში 297-ჯერ, ხოლო ქვეყნის გარეთ 21-ჯერ იმყოფებოდნენ. 2019 წელს ქვეყნის შიგნით მივლინებათა რიცხვი 401 გახდა, ხოლო ქვეყნის გარეთ - 29.
2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეყნის შიგნით მივლინებების რიცხვი 49-ით გაიზარდა და ჯამში 295 შეადგინა, ხოლო ქვეყნის გარეთ სულ 19 მივლინება ქონდა რაც, 13-ით მეტია 2018 წელთან შედარებით.