15, ივლისი 2020 19:57:00
ჩაქვში, ბეჟანიძისა და თბილისის ქუჩაზე მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. გზის დაგებას და სანიაღვრე არხების მოწყობის მოთხოვნას ადგილობრივები წლებია აყენებენ, თუმცა უშედეგოდ. ქობულეთის მერიამ, დღემდე არც საბავშვო სკვერი მოაწყო სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე. აქციის მონაწილეები, დღეს ქობულეთის მერთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა მირიან ქათამაძე მათთან არ გავიდა, სწორედ ამის შემდეგ ადგილობრივებმა სპონტანური აქცია გამართეს.
ეს არ არის პირველი აქცია, როცა ჩაქვში, ბეჟანიძისა და თბილისის ქუჩის მცხოვრებლები, გზის მოწესრიგების მოთხოვნით გამოვიდნენ. ადგილობრივები, გზასთან ერთად, წლებია ამაოდ ითხოვენ სანიაღვრე არხის მოწყობასაც.
ჩაქვში, ბეჟანიძისა და თბილისის ქუჩაზე, არც საკანალიზაციო სისტემაა გამართული, რის გამოც, ადგილობრივების თქმით, ქვეწარმავლები, მწერები და მღრღნელებია მომრავლებული.
ქობულეთის მერიისგან, აქ წლებია, ამაოდ ელოდებიან, ბავშვებისთვის ატრაქციონებისა და სკვერის მოწყობას. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტერიტორია გამოყეს, თუმცა სამუშაოები აღარ განახორციელეს. უცვლელი მოთხოვნების დაყენებას დღეს ისინი მერთან პირისპირ გეგმავდნენ, თუმცა მირიან ქათამაძე მათთან არ გავიდა, სწორედ ამის შემდეგ გამართეს ადგილობრივებმა აქცია.
ქობულეთის მერიაში სატელეფონო კომენტარი გააკეთეს. გვითხრეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯერ საპროექტო, შემდეგ კი კეთილმოწყობითი სამუშაოები „აჭარის წყლის ალიანსთან“ ერთად, უნდა განხორციელდეს, თუმცა ვადებს მერიაში ვერ გვიკონკრეტებენ. აქ ვერც იმას ამბობენ, რატომ გაიწელა მოთხოვნის დაკმაყოფილება წლობით.
რაც შეეხება სკვერისთვის გამოყოფილ ტერიტორიას, აღმოჩნდა, რომ ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. რატომ ვერ უზრუნველყო ქობულეთის მერიამ მიწის გადმოცემასთან დაკავშირებით მოთხოვნის დროულად დაყენება და სკვერის მოწყობა, ან როდის იქნება დაპირება შესრულებული, ქობულეთის მერიაში ეს კითხვებიც ღიად დატოვეს.