28, ივლისი 2020 21:12:00
ახლა კი გაგიზიარებთ ისტორიას და გიჩვენებთ მაგალითს, თუ როგორ უნდა გამოიყენო საკუთარი შესაძლებლობები ისე, რომ ერთდროულად სხვებისთვის სასიკეთო საქმე გააკეთო, ახალგზარდა თაობის მოტივატორი გახდე და თან საკუთარი ჰობი და ინტერესები დაიკმაყოფილო. საფეხბურთო კლუბი მანჩესტერ იუნაიტედი , დარმწუნებული ვარ, ყველამ იცით. „ურეხი იუნაიტედის“ შესახებ ჯერ-ჯერობით ალბათ ბევრი არაფერი გსმენიათ. სწორედ ამ უკანასკნელის დაარსების ამბავი უნდა მოგიყვეთ ახლა. მოყვარული სპორტსმენები ტარიელ ვარშანიძის იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ.
წლების მანძილზე საძოვრად ქცეული მინდორი, დღეს ასე გამოიყურება. ტერიტორია შემოსაზღვრულია და ინფრასტრუქტურაც მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული. თუ კი აქ, ამ დრომდე, მხოლოდ მსხვილფეხა პირუტყვს ნახავდით, ახლა საერთო მიზნის მქონე პატარა მოვარჯიშე ფეხბურთელ ბიჭებს დაინახავთ. ახალგაზრდა სპორტსმენთა გუნდი ტარიელ ვარშანიძემ შეკრა. გუნდის პირველი წევრი თავისივე შვილი იყო, თუმცა ასე მოგვიანებით აღმოჩნდა, როცა მამა-შვილის ვარჯიშის ვიდეო სოიციალურ ქსელში გაავრცელა. გამოხმაურება საკმაოდ დიდი იყო და მსურველებიც მალევე გამოჩნდნენ. ასე შეიქმნა საფეხბურთო კლუბი, სახელწოდებით „ურეხი იუნატედი“.
„ურეხი იუნაიტედი“ დღეს 30-მდე მოზარდს აერთიანებს, თუმცა მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ყურადღება რომ ყველას დაუთმოს, ტარიელ ვარშანიძემ გუნდი გაყო. უკეთესი შედეგების მისაღწევად, ორი მოხალისე მწვრთნელიც ჰყავს. ისინი ყოველდღიურად, ორი საათის განმავლობაში ვარჯიშობენ.
ტარიელი ტელევიზიაში მუშაობს და მონტაჟის ოპერატორია. მას ფეხბურთი უბრალოდ ძალიან უყვარს და თამაშიც კარგად გამოსდის. ახლა მისი მიზანი საკუთარი გუნდის შექმნაა. სწორედ დიდ ფეხბურთზე ოცნებობენ მისი ახალბედა სპორტსმენებიც. გუნდის პირველი ამოცანა ოფიციალური საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბება და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლების მოპოვებაა.
ფინანსური რესურსი მწირი აქვთ, თუმცა კლუბის დამაარსებელი ფიქრობს, რომ დაუღალავი შრომის შედეგად სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.