30, ივლისი 2020 20:02:00
დაპირებული სამუშაო ადგილები და ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც განსხვავებულ სურათს იძლევა. 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას დაჰპირდა. მომდევნოდ იგივე დაპირება 4 წლის შემდეგ, ანუ 2016 წელს გასცა. დღეს არსებული რეალობით კი, ადამიანები კვლავ უმუშევრობასა და სიდუხჭირეზე საუბრობენ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დასაქმებულთა რაოდენობა 2016 წლის არჩევნების შემდეგ ყოველწლიურად იკლებს. რას ამბობენ მოქალაქეები და რა პასუხი აქვთ მმართველ გუნდში?
ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის დასაქმება 2012 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება და პრიორიტეტია. მიუხედავად გულუხვი განცხადებებისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ისევ უმუშევრობასა და სიდუხჭირეზე საუბრობს. ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მათ იმედები გაუცრუა.
მეტი სიცხადისთვის, დღეს კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი გაცემული დაპირებების არქივს, მათ შორის დადებულ პირობას, 200 000 ახალ სამუშაო ადგილთან დაკავშირებით.
სამუშაო ადგილების სიმცირე მოსახლეობის უმრავლეოსობის პრობლემაა, თუმცა გამოკითხულ რესპოდენტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. მათ ნაწილს იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, რომ ხელისუფალი დასაქმების საშუალებას მისცემს, ნაწილის ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ეფექტურად მუშაობს, ადამიანების სხვა ჯგუფისთვის კი გაცემული და შემდეგ შეუსრულებელი დაპირება ირონიის საფუძველია.
რამდენად უზრუნველყო ხელისუფლებამ გაცემული დაპირებების შესაბამისად, სამუშაო ადგილების შექმნა და ადამიანების დასაქმება, მონაცემებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. შედეგი ასეთია, დასაქმებულთა რაოდენობა 2016 წლის არჩევნების შემდეგ ყოველწლიურად იკლებს. საქასტატის დათვლებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არა თუ დამატებით, 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, პირიქით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2016 წელთან შედარებით, 2019 წელს, 27 ათასით შემცირდა.
არსებული მოცემულობის მიუხედავად, მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ დაპირებები პირნათლად შესრულდა. ილია ვერძაძე ამტკიცებს, რომ 2016 წლის შემდეგ, მხოლოდ აჭარაში საშემოსავლო ნაწილი 100 მილიონით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 500 მილიონი ხელფასი გაიცა. ამტკიცებს, რომ დასაქმების ერთი კონკრეტული კერა ბათუმის ახალი საფეხბურთო მოედანია.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ბოლოს, ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი პანდემია არ გავრცელდებოდა, ხელისუფლება დაპირებულ 200 000 ახალ სამუშაო ადგილს, ვერც მიმდინარე წელს შექმნიდა.