"თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ჯამურად გვექნება 370 შემთხვევა დავრჩებით „მწვანე ზონაში“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, კორონავირუსის ეპიდემიაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, თუ შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 1100-ს გადააჭარბებს ქვეყანა „წითელ“ ზონაში გადავა, რაც გამაფრთხილებელი სიგნალი იქნება ჯანდაცვის სისტემისათვის, რომ მართებს მეტი მობილიზება და საწოლები პაციენტების მისაღებად უნდა გაათავისუფლოს.
„ის, რასაც დღეს ვაკვირდებით იყო ლოგიკური დასასრული იმ რელაქსირებული და მოშვებული ზაფხულისა, რომელიც გავიარეთ. მოულოდნელი ეს ნამდვილად არ იყო. მობილობა გაიზარდა, შემთხვევები სეზონის დასასრულს გამოჩნდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ამ ეპიდემიის მიმდინარეობის პროცესში. დღეს მეტი ბერკეტი გვაქვს, რომ შემთხვევებზე შესაფერისი პასუხი გვქონდეს და მობილობის შეზღუდვის აზრიც აღარ არის. უნდა დავუბრუნდეთ ეკონომიკურ და სოციალურ აქტივობას. ჩვენ ვაკეთებთ ეპიდემიოლოგიურ მოდელირებას.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში თუ ჩვენ ჯამურად გვექნება 370 შემთხვევა და დავრჩებით ამ შუალედში, ეს არის კიდევ „მწვანე ზონა“. ანუ ეს არის ახალი ინცინდენტობის მაჩვენებელი. თუ ეს გადავიდა 10-დან 30-მდე, ანუ გადააჭარბა 370-ს და მივიდა 1100-მდე ეს არის „ყვითელი“ და ამის შემდეგ არის „წითელი“. მაგრამ „წითელი“ იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც მეორე ტალღა დაიწყო და მძიმე მდგომარეობაში ვართ.
„წითელი“ არის გამაფრთხილებელი სიგნალი ჯანდაცვის სისტემისთვის, რომ მას მეტი მობილიზება მართებს და უნდა გაათავისუფლოს საწოლები პაციენტების მისაღებად. აპრილში ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი შიში იმის, რომ მძიმე შემთხვევები იქნებოდა ბევრი და ეს დამთავრდებოდა ცუდად როგორც ამის გამოცდილება ჰქონდა იტალიას, ესპანეთს და ბევრ სხვა ქვეყანას, სადაც უკიდურესად მაღალი ლეტალობა იყო. არცერთ მსგავს ეპიდემიას, რომელიც ბოლო პერიოდში იყო, ასეთი დიდი ლეტალობა არ ჰქონდა. მაშინ თითოეული გამოვლენილი შემთხვევა ქვეყნის დასასრული იყო და ვცდილობდით მაქსიმალურად თავიდან აგვეცილებინა, არც კლინიკური გამოცდილება და ცოდნა იყო, როგორ უნდა გვემართა ეს შემთხვევები. დღეს ეს ეტაპი გავიარეთ, მეტი თავდაჯერებით და მომზადებულები ვხვდებით“, - განაცხადა გაბუნიამ.