15, ოქტომბერი 2020 12:13:00
სოფელ ჯოჭოში, მეწყერის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტთან მივიდნენ. სურთ, ხელვაჩაურის მერმა თანამდებობა დღესვე დატოვოს. აქვთ კიდევ ერთი მოთხოვნა - მომხდარზე პასუხი გეოლოგიური სამსახურის თანამშრომლებმაც აგონ. მათი განმარტებით, ოჯახმა დახმარებისთვის ხელვაჩაურის მერიას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უწყებას რეაგირება არ მოუხდენია.
ისინი ამ წუთებში მუნიციპალიტეტის პირველ პირს ხვდებიან. "თუ პასუხისმგებლობას მე დამაკისრებენ, პასუხისგებაში მივეცემი" - უთხრა ვარდმანიძემ ოჯახის წევრებს.
როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, სოფელში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, მერიის წარმომადგენლები და ჯუმბერ ვარდმანიძე, არც სამძიმარზე და არც მომდევნო დღეებში ოჯახთან არ ყოფილა.
შეგახსენებთ, მეწყერი სოფელ ჯოჭოში, 1 ოქტომბერს, ღამით ჩამოწვა. მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი ავტომობილი. გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, მათგან ერთი არასრულწლოვანი იყო.