31, ოქტომბერი 2020 09:25:00
ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო მშვიდად წარიმართა ოპოზიციის მხრიდან გარემოს გაუარესების მცდელობების მიუხედავად.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება მომდევნო 4 წელი ჩვენი ქვეყნისთვის და შვილებისთვის. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ვიცით რა ომების მძიმე ფასი, გვესმის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას.
ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება იქნას უზრუნველყოფილი. ჩვენი ქვეყანა სულ სხვა ეტაპზეა გადასული, იმაზე ძლიერია ვიდრე 4 ან 8 წლის წინ.
მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობიანი კამპანია იყო ზოგადად ქვეყანაში წარმართული ჩვენი ოპონენტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომ საარჩევნო ფონი გაუარესებულიყო, დამკვიდრებულიყო არასწორი განცდები. მათი ეს მცდელობა მიღწეული ვერ იქნა და ვერ იქნება მიღწეული ის პროვოკაციები და დესტაბილიზაციის მცდელობები, რომელიც მათი მხრიდან ეს პერიოდი გვესმოდა. სახელმწიფო დღეს ძლიერია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მომავალი კიდევ უფრო ძლიერი იყოს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.