ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საია-ს დამკვირვებლებმა 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს, - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, დღის 10:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. თუმცა გამოიკვეთა ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.
კერძოდ, საია-ში აღნიშნავენ, რომ ძირითადად დარღვევები უბანზე დამკვირვებლის არ დაშვებას უკავშირდება, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრის გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას.
„ამ ეტაპზე საია-ს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 10-ზე მეტი დარღვევა, მათ შორის: გარდაბნის #19 უბანზე 7 საათის შემდეგ საიას დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს (დაწერილია საჩივარი);
ზუგდიდის #65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით; საბურთალოს #23, თელავის #54 და მთაწმინდის #3 უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს - უმეტესი მათგანი გასაჩივრებულია;
შუახევში #41 უბანზე წილის ყრები ჩატარდა ერთდროულად (გადასატანი ყუთის წამღები კომიის წევრების, აგრეთვე სხვა ფუნქციების გასანაწილებლად). ამავე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე (დაწერილია საჩივარი).
მარნეულის #85 უბანზე წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაწერეს და პროცედურა ასე ჩაატარეს.
გარდა ამისა, საია-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფოტოვიდეო გადაღების წესების დარღევის და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები (ჩხოროწყუში #17, ზუგდიდში #24 და ბათუმის #35 უბნები). კერძოდ, მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთანავე, ჩვენ ხელს არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება ხდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ამომრჩეველთა სახის დასკანერება მიმდინარეობს, რაც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას.
ამ დროისთვის, ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საია-ს დამკვირვებლებმა დაწერეს 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ეყოლება.