04, ნოემბერი 2020 21:59:00
მეორე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გაერთიანებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები კენჭისყრის შედეგებს აპროტესტებენ და შესაბამის რეაგირებას ელოდებიან. მოთხოვნა უცვლელია, ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩვენები. რა ხდებოდა დღის განმავლობაში ტერიტორიაზე და რა სურათია ადგილზე ახლა?
„იმოქმედე“, „გამოდით“, „დაიცავი შენი ხმა“ - უცვლელი მოთხოვნით, საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან, 5 საათზე განახლდა. ადმინისტრაციული შენობის წინ, ამ დრომდე შეკრებილნი არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები. ხელისუფლების ოპონენტები მანდატებზე უარს ამბობენ. პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას კი არ აპირებენ.
აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ისინი ცესკოს მიერ დათვლილ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ და მიაჩნიათ, რომ 31 ოქტომბრის შედეგები გაყალბებულია. შეკრებილები ბრალს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სდებენ. მოითხოვენ, რომ თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვოს და არჩევნების გაყალბებისთვის, უმკაცრესად დაისაჯოს.
საპროტესტო აქციაზე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. მიზეზი ის იყო, რომ ოპოზიციური პარტიების აქტივისტებს გზის სავალ ნაწილზე კარვების გაშლა სურდათ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, ხელოვნური ინსტალაციებითა და ბარიერებით სავალი ნაწილის ჩაკეტვა სამართლებრივად მიუღებელია.
საპროტესტო აქციის პარალელურად, მოქალაქეებმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს. ასე გამოხატეს პროტესტი ჩატარებული არჩევნების მიმართ. აცხადებენ, რომ აქციას მასშტაბური სახე მიეცემა და თავიანთი ხმების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.