13, ნოემბერი 2020 21:45:00
2021 წლის მოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება. ინსფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურმა ქალაქის საზეიმოდ განათებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. პანდემიის პირობებში, ხალხმრავალი ღონისძიებები გასულ წელთან შედარებით ნაკლები იქნება. როგორ შეხვდება ახალ წელს ბათუმი და რამდენი ქუჩის განათებაა დაგეგმილი? თეო ფუტკარაძე არკვევდა.
ახალი წლის მოახლოებამდე 2 თვეზე ნაკლები დარჩა. 2021 წელთან შესახვედრად ქალაქი საზეიმოდ უნდა მოეწყოს. სამზადისისთვის ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. დაგეგმილია 17 ცენტრალური ქუჩის განათება.
რაც შეეხება ახალი წლის მთავარ ატრიბუტს, კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს, რომ ნაძვის ხე, ბათუმის ზღვისპირა პარკში დაიდგმება. ვიზუალი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა, თუმცა დაზუსტებით იციან, რომ საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ 25 დეკემბერს აინთება.
იმის გამო, რომ პანდემიაა, ახალი წლის მოსვლას ქალაქი მოკრძალებულად შეხვდება. ღონისძიებები, ძველით ახალ წლამდე არ გაგრძელდება და ღია ცის ქვეშ კონცერტები მხოლოდ რამდენიმე დღე იქნება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ვისი მონაწილოებით დაიგეგმება გასართობი პროგრამები.
ჯონი საბაშვილის თქმით, საზეიმო ვითარებას ქალაქში სპეციალურად მორთული ტრანსპორტი შექმნის, რომელიც ბათუმის 25 ყველაზე დიდ ეზოში სპეციალური პროგრამით შევა.
ქალაქის საახალწლო მორთულობისთის მერიამ ნახევარ მილიონ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია იქნება პასუხისმგებელი შემდგომ მორთულობების დემონტაჟზეც. რაც შეეხება ღონისძიებებს, კულტურის ცენტრს ორგანიზაბისთვის 50 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.