20, ნოემბერი 2020 21:15:00
ციტრუსის სეზონი აქტიურ ფაზაშია და ახლა ფერმერებს ყველაზე მეტად აინტერესებთ- რა ფასად შეძლებენ წელს მანდარინის გაყიდვას? მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ახლა ჯერი სახელმწიფოზეა - როგორ ემზადება რეგიონი ნარინჯისფერი რთველისთვის? სად გავა ქართული მანდარინი და ხომარ შეუშლის ხელს პანდემია ციტრუსის რეალიზებას? ნინია მესხიძე გიამბობთ
ირაკლი დიასამიძე 10 წელზე მეტია ფერმერია. ციტრუსის ყოველ სეზონს დიდი მოლოდინით ხვდება და სამზადისსაც მალევე იწყებს. ცდილობს, მანდარინის ბაღი დროულად გაანოყიეროს. ყვება, რომ წელს, შხამ-ქიმიკატები ნისიად, იმ იმედით აიღო, რომ ვალს ციტრუსის რეალიზების შემდეგ გადაიხდიდა. ახლა ფიქრობს, რომ მოსავალი თვითღირებულებასაც ვერ დაფარავს.
გასულ წლებთან შედარებით, წელს, მოსავალი რომ ნაკლებია, საუბრობს კიდევ ერთი ფერმერი. არჩილ თავდგირიძე საუბრობს გამოწვევაზე, რომელიც ყოველწლიურად დგას. ამბობს, რომ განსაკუთრებულ პრობლემას არასტანდარტული მანდარინის რეალიზება წარმოადგენს.
სოფელში ბევრია ისეთი, ვინც ბაღს ეკონომიკური კრიზისის გამო, სათანადოდ ვერ მოუარა. ამბობენ, რომ მათ დახმარება არც სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიუღიათ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტო, მიმდინარე ციტრუსის სეზონზე, 40 ათას ტონამდე ნედლეულს ელოდება. ეს გასული წლის მოსავალთან შედარებით ნაკლებია, თუმცა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მაღალია ციტრუსის ხარისხი. რუსლან ქორიძის რწმუნებით, სტანდარტული მანდარინის რეალიზება უკვე მიმდინარეობს, არასტანდარტული ციტრუსის ჩაბარებას კი საკონსერვო ქარხანა მალე დაიწყებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ექსპორტზე უკვე გადატანილია 1151 ტონა სტანდარტული მანდარინი, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 138%-ით მეტია.