30, ნოემბერი 2020 17:06:00
ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. აჭარის მთავრობის სახლითან პროტესტი ინციდენტების ფონზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია ათობით პოლიციელი. შეკრებილებს მთავრობის ადმინისტრაცია პიკეტირებული აქვთ. ისინი თორნიკე რიჟვაძესთან გასაუბრებას ითხოვენ, თუმცა მთავრობის თავჯდომარე შეხვედრას არ თანხმდება. დაპირისპირებისას აქციის 1 მონაწილე დააკავეს, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. უფრო მეტი ნახეთ რეპორტაჟში.
დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრს, საცხოვრებელ სახლში შესვლის უფლება არ მისცეს. სამართალდამცავებმა ცოცხალი ჯაჭვით გზა გადაკეტეს. ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებდა, რომ აჭარის მთავრობის სახლთან მდებარე კორპუსში ბინა აქვს ნაქირავები, იმ დროს კი მედიკამენტის მიღების დრო ჰქონდა, თუმცა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა სახლში შესვლის უფლებას არ მისცენ.
„მოშორდეს“ - ამ შეძახილებით კორპუსში მცხოვრებლები ელგუჯა ბაგრატიონის შენობაში შესვლას ეწინაამდეგებოდნენ. თავად ოპოზიციონერი დეპუტატი კი ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ საცხოვრებელში თორნიკე რიჟვაძის თანაშემწის მშობლები ცხოვრობენ.
სამართალდამცველების განმარტებით, ელგუჯა ბაგრატიონს კორპუსში იმ მოტივით ვერ შეუშვებდნენ, რომ მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის შესაძლოა დაპირისპირება მომხდარიყო.
დაპირისპირების პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყეს. ჰელიუმის ბუშტებზე წარწერები გააკეთეს და თორნიკე რიჟვაძის კაბინეტის ფანჯარასთან აუშვეს.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები განმარტავენ, დღეს აჭარის მთავრობის სახლთან სავაჭრო ჯიხურებს განათავსებენ. ამ ფორმით ისინი, შემოსავლის გარეშე დარჩენილ თვითდასაქამებულებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვაში ხელს შეუწყობენ. ხელისფულების ოპონენტები პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ე.წ. „თავისუფლების კვარტალში“ ეპატიჟებიან.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან, გუშინ, აქციის პარალელურად, ოპოზიციის წევრებმა სწრაფი კვების კონტეინერიც განათავსეს.