18, დეკემბერი 2020 21:45:00
საქართველოში მალე შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს. საფასურის გადახედვაზე სემეკი უკვე მსჯელობს. ფაქტს მოსახლეობაში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტარიფის გაზრდა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე პანდემიის პირობებში, როცა მოქალაქეთა უმეტესი ნაწილი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, უარყოფითად აისახება. ფინანსური პრობლემების გართულებაზე ღიად საუბრობენ ბიზნესმენებიც.
ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზარდას, მოსახლეობაში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ადგილობრივები, ყურადღებას, პანდემიის შედეგად შექმნილ ეკონომიკურ სიდუხჭირეზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენილებს, ფასის ზრდა, კიდევ უფრო დიდ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს.
ჩვენი რესპოდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ კომუნალური გადასახადის გაზრდა მისაღებია და იგი პროტესტის მიზეზი არ უნდა გახდეს.
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა, ნებისმიერი პროდუქტის თვითღირებულებაზე აისახება. ნათია სირაბიძის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სახის ბიზნესსექტორი იძულებული გახდება საფასური გაზარდოს.
ტარიფის ზრდა რომ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს, საუბრობენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც. მათ ბუნებრივი აირის საფასური ცოტა ხნის წინ უკვე გაუძვირდათ. პანდემიის პირობებში გადარჩენისთვის იბრძვიან და ამბობენ, რომ გაზრდილი ხარჯი, დასაქმებულებისთვის დამატებითი ფინანსური დარტყმა იქნება.
ბიზნესმენებთა ნაწილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, მუშაობენ თუ არა ღიად, კომუნალური ხარჯი მაინც აქვთ, ამიტომ მიმართავენ სემეკს, ტარიფი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში არ გაზარდოს.
გაითვალისწინებენ თუ არა მეწარმეების თხოვნას, საბოლოო გადაწყვეტილება მარეგულირებელმა კომისიამ, რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს.