18, დეკემბერი 2020 21:10:00
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ახალი სიცოცხლე. პეტრას ციხის რეაბილიტირება დასასრულს უახლოვდება და სრულყოფილ სახეს მალე მიიღებს. დამთვალიერებელთათვის უკვე მზადაა ვიზიტორთა ცენტრი. დასრულებულია ღამის განათების მონტაჟიც. მალე გაიხსნება სუვენირების მაღაზია. განახლებული ვერსიით იქნება წარმოდგენილი ციხის ტერიტორიაზე არსებული ლიმონარიუმი.
რეაბილიტირებული პეტრას ციხე სრულყოფილ სახეს მალე მიიღებს. ინფრასტრუქტურის მოწყობა, აქ ფინიშს უახლოვდება. ახლა ყველაზე მთავარი სამუშაო, პანორამული გადასახედის მშენებლობაა, მას კი უკვე სკამებისა და სანაგვე ურნების მონტაჟი მოყვება. ეს ყველაფერი ახალ წლამდე უნდა დასრულდეს.
ციხის დამთვალიერებლებისთვის უკვე მზად არის ვიზიტორთა ცენტრიც. აქვე გაიხსნება მაღაზიაც სუვენირებისთვის. რაც შეეხება პარკინგს, 50 ავტოსადგომზე გათვლილი პარკი უკვე მონიშნულია.
ციხის ტერიტორიაზე არსებული ლიმონარიუმი, რომელსაც ტერასების შემაკავებელი ფუნქცია აქვს, ვიზიტორებისთვის განახლებული ვერსიით იქნება წარმოდგენილი.
ასევე, ლიმონარიუმის ტერიტორიაზე მოეწყო, სპეციალური ჯიხურები, სადაც ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთების ნაწილი განთავსდება. ციხე მზადაა ღამის განათებისთვისაც.
ტერიტორია შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული უნდა იყოს. პანდუსები უკვე მოეწყო, თუმცა ლიფტები ჯერაც ვერ დამონტაჟდა. ბოლო, მეხუთე ელექტრონული ტენდერის გამარჯვებული, მომდევნო კვირას უნდა გამოვლინდეს.
ვიდრე პეტრას ციხის რესტავრაცია მიმდინარეობდა, პარალელურად წარმოებდა არქეოლოგიური სამუშაოები. ნაპოვნი, თითოეული ექსპონატი, დასურათდება და საინფორმაციო დაფებზე განთავსდება.
პეტრას ციხის რეაბილიტაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს. პროეტზე ჯამში 2 მილიონ 200 ათასი ლარი იხარჯება. ვიზიტორების მიღება 2021 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.