22, დეკემბერი 2020 21:30:00
ბათუმის მუნიციპალურ სასაფლაოებზე პრიორიტეტით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოები არასრულყოფილად და ხარვეზებითაა შესრულებული. დასკვნას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს. მაკონტროლებელი ორგანო წერს, რომ სამუშაოების შეუსრულებლობის პირობებში ხარჯი ტყუილად გაიღეს. უწყება, ხელმძღვანელობას შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ ქმედითი ღონისძიებების გატარებას ურჩევს. რატომ არ იქნა გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები და რატომ არ დაკმაყოფილდა მოთხოვნები, რისთვისაც ხელშეკრულება გაფორმდა? ვნახოთ სიუჟეტი.
ა(ა)იპ − „ბათუმის სასაფლაოებმა“, ქალაქში არსებული სასაფლაოების ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციისთვის, 2019 წელს 45 ათას 539 ლარი დახარჯა. დღეს ობიექტები ისევ სარეაბილიტაციოა. აღმოჩნდა, რომ თავის დროზე, სამუშაოები, არასრულყოფილად და ხარვეზებით შესრულდა. ისევ აღდგენას საჭიროებს ოფისები, სავალი ბილიკები, საერთოდ არ გაკეთებულა სანიაღვრე არხები, რის გამოც საფლავები მუდმივად დატბორილია.
არასრულფასოვნად შესრულებულ სამუშაოები ოპოზიციაში არ უკვირთ. ამბობენ, რომ არსებულ რეალობაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რადგან, ელექტრონული შესყიდვის გამარჯვებულებად იმ კომპანიებს ავლენენ, რომლებიც მათთან დაახლოებულები არიან.
რატომ არ დაკმაყოფილდა მოთხოვნები, რისთვისაც ხელშეკრულება გაფორმდა? ან რატომ ჩაიბარა ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები, „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას, შემსრულებელ კომპანიას აკისრებს. შპს „ბაკუსთან“ დაკავშირება შეუძლებელია.
საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის აუდიტი, სახელმწიფო აუტიდის სამსახურმა ჩაატარა. მაკონტროლებელი ორგანო „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელობას მოუწოდებს, შეიმუშაოს და დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რაც დროულად და სრულად გამოავლენს ხარვეზებს.
აუდიტი თავის დასკვნაში სხვა გარემოებაზეც მიუთითებს. წერს, რომ სამი თანამშრომელი, ამავე ორგანიზაციაში, ერთდროულად ორ პოზიციაზე მუშაობს და ხელფასს ორივე შემთხვევაში სრულად იღებს. ამასთან, ორივე თანამდებობა სრულ განაკვეთზე მუშაობას მოითხოვს.
„ბათუმის სასაფლაოების“ ადმინისტრაციაში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ერთი შესწორებით, აღნიშნული პირები, ერთდროულად, ორ საშტატო პოზიციაზე აღარ მუშაობენ.
ამ დრომდე ექსპლუატაციაში ვერ შევიდა ჩაქვში 2015 წელს აგებული სასაფლაო. არა და ბათუმის მერიამ, პროექტზე 3 მილიონ 400 ათასი ლარი გადაიხადა. სამუშაოები „მამისონმა“ აწარმოა, თუმცა გეოლოგიური დასკვნის გარეშე. ახლა აღარც სასაფლაოა და მერიამ დახარჯული ფული, ვეღარც კომპანიისგან დაიბრუნა.