25, დეკემბერი 2020 21:59:00
წინასაახალწლოდ, ნებადართული ვაჭრობის მიუხედავად, ბათუმში, ყოფილი უნივერსამის შენობა დაიკეტა. გადაწყვეტილება, შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ მიიღო. მონიტორინგის შედეგად დაასკვნა, რომ მოვაჭრეები შენობაში დაწესებულ რეგულაციებს ვერ იცავენ. 200-მდე დასაქმებული ახლა, მუშაობის განახლების უფლებას ითხოვს. იგივე მოთხოვნა აქვთ ე.წ. ხოფის ბაზრობაზე დასაქმებულებს.
მუშაობას რომ 24 დეკემბრიდან განაახლებდნენ, ეს შეზღუდვების დაწესების დღიდანვე იცოდნენ. სამზადისიც მალევე დაიწყეს და ასობით ათასი ლარის პროდუქცია შეიძინეს. აღმოჩნდა, რომ ხარჯი ტყუილად გაიღეს. ახლა, ყოფილი უნივერსამის შენობაში დასაქმებულებს საიჯარო გადასახადების გადახდა უჭირთ.
სავაჭრო ცენტრი, „დი-ენ-შოპი“ გუშინ მუშაობდა. თვითდასაქმებულთა მტკიცებით, არ იყო ხალხმრავლობა და წესებსაც ზედმიწევნით იცავდნენ. მიუხედავად ამისა, შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ შენობა დაკეტა. მაკონტროლებლებმა დასაქმებულებს უთხრეს, რომ დაწესებულ რეგულაციებს ვერ იცავენ.
აქ დახლები, ერთმანეთისგან პატარა ბარიერებითაა გამოყოფილი. ობიექტის მფლობელი ეჭვობს, რომ საქმიანობის შეჩერების მიზეზი, სწორედ ეს გახდა.
მუშაობის განახლებას ითხოვენ ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ დასაქმებულებიც. ამბობენ, რომ შემოსავლის ერთდაერთი წყარო დაკარგეს, რის გამოც, საბანკო ვალდებულებების დაფარვა უჭირთ.
შპს „სავაჭრო ცენტრ 2009“-ის დირექტორი ამბობს, რომ ერთადერთი, რითაც მოვაჭრეებს, პანდემიის პერიოდში დაეხმარნენ, საიჯარო გადასახადის 80%-ით შემცირება გახდა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია და დახურულმა ბაზრობებმა მუშაობა, 28 ნოემბერს შეაჩერეს. 24 დეკემბრიდან დაანონსებული შემსუბუქება კი მათ არ შეეხოთ.