31, დეკემბერი 2020 22:45:00
ახალი წელი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საზეიმო სუფრით აღინიშნება. თუმცა, ქართული საახალწლო სუფრა კერძებისა და სასმელის მრავალფეროვნებით ალბათ მაინც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.
დიახ, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ყველა ოჯახში მატულობს ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა იყოს მათ საახალწლო სუფრაზე და შესაბამისად, სამზადისსაც რამდენიმე კვირით ადრე იწყებენ. ფაქტია, რომ ქართველები ტრადიციულ სუფრას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. არსებობს რამდენიმე კერძი, რომელიც სადაც არ უნდა მივიდეთ სტუმრად, საახალწლო სუფრაზე აუცილებლად დავინახავთ.
- საინტერესოა, გაძვირებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რა ღირს საახალწლო სუფრა? რა გაძვირდა და რაზე იკლო ფასმა? დეტალებს ჩვენი მაყურებელი რეპორტაჟიდან გაიგებს.
საახალწლო სუფრის შეუცვლელი ტკბილეული, რომელიც ყველას განსაკუთრებულად უყვარს გოზინაყია. მთავარი ნუგბარი, თაფლისა და ნიგვზისგან მზადდება. მისი ფასი, წელს, 12 ლარიდან იწყება და 30 ლარამდე აღწევს. რაც შეეხება თაფლს, ფასს, ხარისხი განსაზღვრავს.
წითელი თუ თეთრი, ნიგვზით თუ თხილით - ჩურჩხელაც საახალწლო სუფრის აუცილებელი ნაწილია. მოვაჭრეების მტკიცებით, ტკბილეულის მსურველები წელს ნაკლებად არიან, რამაც ფასის გაზრდა გამოიწვია.
საახალწლო სუფრის კიდევ ერთი განუყოფელი კერძი, რომლის მოსამზადებლადაც ნიგოზი დაგჭრიდებათ, საცივია. მთავარი შემადგენელი ელემენტია ინდაურის ხორციც. ღირებულებამ 80 ლარს გადააჭარბა.
საახალწლო სუფრას განსაკუთრებულ ელფერს აძლევს გოჭი. სურვილის შემთხვევაში, მის შესაძენად 120-დან 150 ლარამდე გადახდა მოგიწევთ.
საახალწლო სუფრაზე, ყველა ქართულ ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს ხაჭაპური. წელს, დიასახლისებს, მისი მომზადებაც განსაკუთრებულად ძვირი უჯდებათ. 1 კილოგრამი იმერული ყველის ფასი 15 ლარია, სულგუნის 20, ხოლო თუ შებოლილი ყველის შეძენა გსურთ, კილოგრამზე, 25 ლარი უნდა გაითვალისწინოთ.
წელს, ნაკლებია ღვინის შეძენის მსურველიც. მოვაჭრეებმაც შესაბამის ზომებს მიმართეს. იმისთვის, რომ მარაგი ამოწურონ, ფასი შეამცირეს.
სალათებიდან ქართულ საახალწლო სუფრაზე შევხვდებით ოლივიეს. იგი ბოსტნეულისა და სანელებლების კარგ შეზავებას მოითხოვს. საჭირო ინგრედიენტების ფასები ამ შემთხვევაშიც გაზრდილია. საფასურმა მოიმატა ხილსა და ტკბილეულზეც. არსებული ფასების გათვალისწინებით, ტრადიციული სუფრის მოსამზადებლად, საშუალოდ 300 ლარი დაგჭირდებათ.