01, თებერვალი 2021 18:59:00
თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, აჭარაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში პირველად განახლდა. რეგიონის 229 სკოლიდან, სწავლა, მხოლოდ ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შუახევში, არ დაიწყო. პედაგოგების ტესტირების შედეგად, აქ რამდენიმე მათგანს, კორონავირუსი დაუდასტურდა. რაც შეეხება სხვა საჯარო და კერძო სკოლებს, ადმინისტრაციების მტკიცებით, კოვიდ19-ის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ზომებს, მაქსიმალურად იცავენ.
2020-2021 წლის სასწავლო პროცესის დასრულებამდე 4 თვე დარჩა, თუმცა სკოლებში ზარი დღეს, პირველად დაირეკა. თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, მოსწავლეებს კვლავ მიეცათ საშუალება, სწავლა, საკლასო ოთახებში განაგრძონ.
საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, სურვილის შემთხვევაში, კვლავ ძალაში რჩება დისტანციური სწავლების მეთოდი. ამისათვის მშობლებმა განაცხადი ოთხშაბათამდე უნდა წარადგინონ.
ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას რეგულაციების მკაცრად დაცვა მოეთხოვება. პროტოკოლი, სასკოლო სივრცეში მოსწავლეთა ნაკადების მართვას, თერმოსკრინინგსა და ჰიგიენის დაცვას ითვალისწინებს. ბათუმის ნომერ პირველი საჯარო სკოლის დირექტორის განმარტებით, გაკვეთილის ხანგრძლივობა 40-დან 35 წუთამდე შემცირდა. დრო, სადეზინფექციო სამუშაოებისთვის უნდა გამოიყენონ.
შუახევში, სოფელ ცინარეთის დაწყებითი საჯარო სკოლა ერთადერთი აღმოჩნდა აჭარაში, სადაც სასწავლო პროცესი დღეს, არ განახლდა. მიზეზი, პედაგოგთა ინფიცირება გახდა. კორონავირუსი 3 მასწავლებელს დაუდასტურდა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში 12:00 საათის მდგომარეობით, მოსწავლეთა გამოცხადების სტატისტიკა ასეთია: ბათუმი 73.5%; ხელვაჩაური 81%; ქობულეთი 85 %; შუახევი 93%; ქედა 91%; ხულო- 95%-ი.