09, თებერვალი 2021 21:45:00
ახალი საპროტესტო ტალღა აჭარის მთავრობის სახლთან. საერთო პრობლემებმა და ხელისუფლების უყურადღებობამ რამდენიმე სოციალური კატეგორია გააერთიანა. იპოთეკითა და ავტობანის მშენებლობის შედეგად დაზარალებულები, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები და თვითდასაქმებულები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვნდნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დღეს კიდევ ერთი აქცია მოუწყეს. ადმინისტრაციულ შენობასთან სხვადასხვა კატეგორიის და პრობლემის მქონე ადამიანები უფლებადამცველთან ერთად შეიკრიბნენ. მთავარი მოთხოვნა, ჟურნალისტების თანდასწრებით, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა იყო. თანხმობა მიიღეს, თუმცა კამერების გარეშე, სწორედ ამიტომ, შეხვედრა არ შედგა.
აქციის მონაწილეთა შორის, იყვნენ ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები. მათ აინტერესებდათ პასუხი კითხვაზე, რა ბედი ელით იმათ, რომლებმაც არ იციან მიიღებენ თუ არა ბინებს ახალ კორპუსებში. ასეთი სულ 1 700 ოჯახია.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც, მათივე მტკიცებით, ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობამ ზიანი მიაყენა. ამბობენ, რომ მათ კომპენსაცია არ მიუღიათ.
თურქეთში გადასვლის უფლების მიღების მოთხოვნით, მივიდნენ აქციაზე ის თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც სამუშაოდ, მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვარს, ყოველდღიურად კვეთდნენ. სურდათ აეხსნათ მთავრობის თავმჯდომარისთვის, რომ ერთჯერადად მიღებული კომპენსაციით, მთელი წელი თავი ვერ გააქვთ.
აქციას შეუერთდნენ ისინიც, რომლებმაც, პანდემიის დროს საბანკო ვალდებულებები გადაავადეს და საბოლოოდ, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
საპროტესტო აქცია ორ საათში დასრულდა, თუმცა ყველამ ერთხმად თორნიკე რიჟვაძეს დაუტოვა პირობა, რომ გაცილებით მასშტაბური საპროტესტო აქციით აქ 15 თებერვალს დაბრუნდებიან.